მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ ამტკიცებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების „პროვოკაციის“ გამო დაიწყო და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და აღარ არსებობს „თუნდაც ერთი ქართველი ჯარისკაცისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი, დადგა დრო, ყველა ფაქტს „სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს“. „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება „ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს „ჩადენილ დანაშაულზე“ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით საუბროდბნენ, რასაც „ობიექტური მიზეზი“ ჰქონდა.
„დღეს, 7 აგვისტოს, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ფარისევლური პიარ-კამპანია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ომის პარტიის წევრებმა მოინახულეს გმირი ჯარისკაცების საფლავები, გამოაქვეყნეს სამძიმრის ტექსტები. ისინი ამ ყველაფერს ისე უტიფრად აკეთებენ, თითქოს, 2008 წელს დატრიალებულ ტრაგედიაში მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდეთ...
წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, რომლებიც, ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი, როდესაც სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2008 წლის ომის შედეგად, დავკარგეთ ორი ისტორიული რეგიონი, დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, ხოლო 30 000 ადამიანი დევნილად იქცა. დაუშვებელია, ამ მასშტაბის დანაშაული სამართლებრივი შეფასების გარეშე და დაუსჯელი დარჩეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ განცხადების მიხედვით, 2008 წელს საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს არ დაწყებულა და „ნაციონალური მოძრაობა“ თარიღის შეცვლით „საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს“
„წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა და მათი მხრიდან პროტოკოლური ღონისძიებებიც სწორედ ამ დღეს სრულდებოდა. რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. თუმცა,
იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში ყოველგვარი რისკი უკვე გადავლილია, ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემა თავიდან აირიდოს....
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება“, - ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომსაც ახსნებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და „ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია“.
„ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს.
ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს.
ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.
განცხადების ბოლოს მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ „ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“.
დღეს, 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი შესრულდა. სწორედ დღეს აკეთებენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები.