ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე განათავსა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია NATO-ს პრესსპიკერის, ფარაჰ დახლალაჰის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აგვისტოს ომის წლისთავზე პარტნიორი ქვეყნები და ორგანიზაციები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ:

აშშ-ის საელჩო: „გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

დიდი ბრიტანეთის საელჩო: „16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრა. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა: „16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე: „16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია ისევე, როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „16 წლის წინ რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იმავე ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც სასტიკი ძალა ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო კანონსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება“.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი: „ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია... ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება. აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.