„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, რომელიც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
გიგაურის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე, რადგან რაც BBC-სთან ინტერვიუში თქვა, საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებია.
„საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის და კიდევ ერთხელ ვისაუბრე იმაზე, თუ რას ვფიქრობ „ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა ეკა გიგაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა, საიდან გაიგო, რომ შეიძლება „კამიტი“ ყოფილიყო გამოყენებული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რაზეც უპასუხა, რომ სტატიიდან გაიგო, „ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ“.
„ამას ყველაფერს იმისათვის აკეთებენ, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული. სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხი და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც თვითონ არ ამბობენ. თვითონ შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ“, - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა.
BBC-ის ჟურნალისტურ მასალასთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები გელა ღუნაშვილი, გიორგი, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, რომელთა კვლევაც ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდა.
მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანამშრომელი თამარ ონიანი. უფლებადამცველმა BBC-ის ინტერვიუ მისცა.
გამოკითხვაზეა დაბარებული ზვიად მაისაშვილიც - პროევროპული აქციების მონაწილე, რომელსაც პოლიცია 2024 წლის 30 ნოემბრის ღამეს სასტიკად გაუსწორდა. BBC-ის ფილმში ის მასზე განხორციელებულ და გამოუძიებელ ძალადობაზე საუბრობს.
„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით ჟურნალისტური გამოძიება 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება შეურია.
BBC-მ მოახერხა საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებულია, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიურ ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. ამასთან, BBC-მ დაადგინა, რომ ამ ქიმიური ნოვთიერებებიდან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომობენზილ ციანიდია.
BBC-ის მტკიცებულებების - სამედიცინო კვლევის, მოწმეთა ჩვენებების, მამხილებლებთან ინტერვიუებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების - განხილვის შემდეგ, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვანმა ექსპერტმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ ჰოლშტეგმა მიიჩნია, რომ გამოყენებული ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი იყო.
კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ბრიტანულ მაუწყებელს სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.
