„ოცნება“ არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას უცხოური დაფინანსების ამკრძალავ კანონებზე

„ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც უცხოური დაფინანსების მიღებას კრძალავს, არ გააუქმებს. დღეს ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის დასკვნა „აბსურდია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე, ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ბოლო რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში. ეს დასკვნა და ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივის“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

შეკითხვას, გააუქმებენ თუ არა სადავო კანონებს, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა:

„არა, რა თქმა უნდა. მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, რომ თქვან ამერიკაში რომ მოქმედებს კანონის უზენაესობას ეწინააღდმგებაო, ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. იქ კი არისო, მაგრამ ჩვენ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო. რა გითხრათ, იმდენი მაინც ეყოთ სითამამე, რომ თქვან, ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღდმეგება კანონის უზენაესობასო. ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი კავშირი აღარ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით“.

ვენეციის კომისია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (ე.წ. „ქართული FARA“), ასევე, გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შესული ცვლილებები, რომლითაც უცხოური დაფინანსების მიღება იკრძალება ან იზღუდება.

15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ ე.წ. „ქართული FARA“-ს აღსრულებაზე უფლებამოსილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაცემული აქვს გადაჭარბებული დისკრეცია, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი ქმნის კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების ძირის გამოთხრის რისკს.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, ვენეციის კომისიის განცხადებით, მასში შესული ცვლილებები ითვალისწინებს უცხოური გრანტების მთავრობის მიერ წინასწარ დამტკიცების ზოგად მოთხოვნას, თუმცა, არ გააჩნია დემონსტრირებული დასაბუთება აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით. კომისიის შეფასებით, კანონი ვერ უზრუნველყოფს მტავრობის მხრიდან უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს, შეიცავს არასაკმარის დაცვის ზომებს, რაც კარს უხსნის თვითნებურ ან დისკრიმინაციულ გამოყენებას.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებაც, რომელიც მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. კომისია განმარტავს, რომ „აკრძალვა არ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც ნამდვილად საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსებას, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.