ვენეციის კომისია „ოცნებას“ ე.წ. ქართული FARA-ს და სხვა კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ვენეციის კომისია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (ე.წ. „ქართული FARA“), ასევე, გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შესული ცვლილებები, რომლითაც უცხოური დაფინანსების მიღება იკრძალება ან იზღუდება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის შესახებ კრიტიკული შეფასება 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

დოკუმენტის დასკვნაში ნათქვამია, რომ „ქართული FARA“ იძლევა ძირითადი ტერმინების, განსაკუთრებით „უცხოელი პრინციპალის“, „უცხოელი პრინციპალის აგენტის“ და „პოლიტიკური საქმიანობის“ ყოვლისმომცველ და არაზუსტ განმარტებებს, სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა კი ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვეულობას.

„კანონის ფართომასშტაბიანი მოქმედების არეალი იძლევა საშუალებას, გამოყენებული იქნას განურჩევლად, პირებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიმართ, უცხოელ აქტორთან რაიმე ფაქტობრივი სააგენტო ურთიერთობის არსებობის მიუხედავად, ისეთი გზით, რომელიც არც აუცილებელი და არც პროპორციულია.

„უცხოელი პრინციპალის აგენტების“ იარლიყი თავისთავად სტიგმატიზირებას იწვევს და სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე მსუსხავ ეფექტს ქმნის.

„უცხოელი პრინციპალის აგენტებისთვის“ დაკისრებული ვალდებულებები მოიცავს დეტალურ რეგისტრაციას, ხშირ ანგარიშგებასა და გამჟღავნების მოვალეობებს, ჩანაწერების წარმოებას და მასალების ეტიკეტირებას. ასეთი ვალდებულებები შეიცავს ფართო და გაურკვეველ ფორმულირებებს და წარმოადგენს არაპროპორციულ ტვირთს, რაც კიდევ უფრო აფერხებს სამოქალაქო ჩართულობას.

აღსრულების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც გადაცემული აქვს გადაჭარბებული დისკრეცია, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები.

„ქართული FARA-ს“ დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუმცა დანაშაულის აღწერის ფართოდ ჩამოყალიბებული დებულებები იძლევა არასრული ინტერპრეტაციის საშუალებას და არ გააჩნია საჭირო განჭვრეტადობა და გამართლება, ხოლო მკაცრი სანქციები ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის სტანდარტს. ბუნდოვანი დებულებების, ფართო უფლებამოსილებებისა და არასაკმარისი დაცვის მექანიზმების კომბინაცია ქმნის თვითნებობის, შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის მის ბოროტად გამოყენების რისკებს.

საერთო ჯამში, „ქართული FARA-ს“ მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი ქმნის კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების ძირის გამოთხრის რისკს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პარალელურად მიღებული, ის იწვევს კიდევ უფრო მეტ დაბნეულობასა და გაურკვევლობას.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციების შესაბამისად, რეკომენდებულია „ქართული FARA-ს“ გაუქმება“, – აცხადებს ვენეციის კომისია.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, ვენეციის კომისიის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს უცხოური გრანტების მთავრობის მიერ წინასწარ დამტკიცების ზოგად მოთხოვნას, თუმცა, არ გააჩნია დემონსტრირებული დასაბუთება აუცილებლობისა და პროპორციულობის თვალსაზრისით.

„გარდა ამისა, ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს უარის თქმის მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს და შეიცავს არასაკმარის დაცვის ზომებს, რაც კარს უხსნის თვითნებურ ან დისკრიმინაციულ გამოყენებას. [ანტიკორუფციული] ბიუროს ფართო საგამოძიებო და აღსრულების უფლებამოსილებები, მათ შორის დაუყოვნებლივი დაყადაღების ბრძანების უფლებამოსილება, შეზღუდულ პროცედურულ ვადებთან და არაპროპორციულ სანქციებთან ერთად, კიდევ უფრო ძირს უთხრის სამართლიანობას და სათანადო სამართლებრივ პროცესს.

ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რეკომენდებულია ცვლილებების გაუქმება. სულ მცირე, ცვლილებები საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს აუცილებელი, პროპორციული და მკაფიოდ განსაზღვრული და მათ თან ახლდეს ძლიერი პროცედურული და სასამართლო დაცვის ზომები“, – აცხადებს ვენეციის კომისია.

კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს და რომელიც „უცხოური ძალის“ ზედმეტად ფართო განმარტებას იყენებს.

„აკრძალვა არ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც ნამდვილად საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას და დაფინანსებას, რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას და არ ითვალისწინებს ნაკლებად ჩარევის ალტერნატივებს. ეს ძირს უთხრის მედიის პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ამიტომ, რეკომენდებულია აკრძალვის გაუქმება“, – აცხადებს ვენეციის კომისია.

კომისიამ შეფასება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოითხოვნის საფუძველზე მოამზადა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.