„ქართული ოცნება“ წყალტუბოში მათი წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ადანაშაულებს. გიგიაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველად სამთავრობო ტელეარხმა „იმედმა“ გაავრცელა, შემდეგ კი ამ თემაზე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა გივი მიქანაძემ ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„იმედის“ ინფორმაციით, სოფელ გეგუთის შტაბში, კარდაკარის მიმდინარეობისას, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და ურთიერთშელაპარაკების დროს ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. ტელეარხმა სავარაუდოდ სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ვიდეოკადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში პირისპირ მდგომი ადამიანები ერთმანეთს ეკამათებიან. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, ერმილე გიგიაძე გვერდზე გადის და შეუძლოდ ხდება. „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ერმილე გიგიაძე „ნერვიულობის ფონზე“ ადგილზე გარდაიცვალა.
„გუშინ, წყალტუბოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“, - განაცხადა მიქანაძემ.
მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, მაია ბითაძეც. ისიც პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.
წყალტუბოს საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზურაბ ლექვინაძემ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ მმართველი პარტიის ბრალდებები არაადეკვატურია. „როლანდ ნუცუბიძეს არ ვიცნობ, თუმცა საარჩევნო შტაბში მომხდარის შესახებ შევიტყვეთ. არ ვიცოდით, თუ ამ საკითხზე ბრიფინგი გაიმართა და მსგავსი ბრალდებები გაჟღერდა. არაადეკვატურია და რეალობასთან არაფერ შუაშია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, მომხდარი წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენოს“, - ამბობს ლექვინაძე.
„საქართველოს ამბებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.