პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში „საკოორდინაციო პლატფორმის“ მოწყობის შესახებ. პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის მოწყობა იგეგმება, რაც კანონის დარღვევაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. წარმოიდგინეთ, პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ასე შემდეგ, ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბები. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს თემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. მისი თქმით, ისინი ოპოზიციის საარჩევნო დარღვევებს „ხელს აფარებენ“
„სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? დღისით, მზისით პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დარღვევა ხდება. ესეც ერთ-ერთი მოწმობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით, თავიანთ ანგარიშებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები აქვს არჩევნებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიასაც, რომელსაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თავმჯდომარეობს. როგორც ბრეგაძე ამბობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე იყო დაბარებული.
„როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლოა შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს. ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვთხოვეთ მობრძანება, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მათი მხრიდან გაკეთდა წერილობითი განმარტება, რაც კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული დამაკმაყოფილებლად. ეს ნათლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანადოდ სათანამშრომლოდ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, განმარტების გასაკეთებლად კომისიის მომდევნო სხდომაზე გამოცხადდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ორბელიანების სასახლეში მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა, რათა მონიტორინგი გაუწიონ ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება. პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ერთად იზეიმებენ გამარჯვებასაც.