„ქართული ოცნება“, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი „სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის“ გაუქმებას გეგმავს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით, ეს არის პირველი იმ ოთხი მიზეზიდან, რის გამოც მინიმუმ 113 მანდატის მიღებას ეცდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ „გარე მფარველებს“ უნდა დაანახონ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება...
ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის.
სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად.
როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის“, - აცხადებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება მმართველ პარტიას ჰომოფობიური კონსტიტუციური კანონპროექტის მისაღებადაც სჭირდება. „კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.
მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება - „შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება“.
„ქართული ოცნება“ მიუთითებს, რომ არის კიდევ ერთი - მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და ინფორმაციას მოქალაქეებს, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაუზიარებენ.
ამასთან, მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ ხმას მიიღებენ, მით უფრო „სწრაფად და ეფექტიანად“ გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.
„რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო.