„ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. ამ საკითხს მეორედ აღარ დავუბრუნდები!“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გახარიას თქმით, მმართველმა პარტიამ „თავისი თაღლითური სქემებითა და ადამიანების ნების მოპარვით“ იმდენად ჩიხში შეიყვანა ქვეყნის მომავალი, რომ მის გუნდს კომპრომისის რესურსი არ დაუტოვა.
„დღეს დაგეგმილ აქციაზე ჩემი პარტია და მეც ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან“, - განაცხადა გახარიამ შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას.
გახარია მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოავლინონ გაყალბების სქემები, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნებაზე.
„დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დავადასტუროთ ისეთი საარჩევნო სქემების, მანიპულაციის სისტემური ხასიათი, როგორიც არის:
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით - ჩვენ რამდენიმე სქემა გადავეცით მუნიციპალიტეტებში უბნებზე როგორ კომპლექტდებოდა კომისიები ერთამანეთთან ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანებით, „ოცნების“ და საჯარო სექტორის წარმომადგენლებით, რომლებსაც პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი აქვთ;
სისტემური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე - „ქართულმა ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა საჯარო მოხელეები, რომლებსაც აშანტაჟებდა ხელფასით და პირდაპირ დავალებას აძლევდა, რომ ისინი მარტო კი არ უნდა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ „ოცნებისთვის“, თავისი ოჯახების წევრებზეც გარანტიები უნდა გაეცათ;
სისტემური მოსყიდვა, ფულის დარიგება - ფაქტობრივად, ყველა უბანზე ჰქონდათ მოწყობილი მიკროავტობუსში მიკროშტაბი, სადაც ადამიანებს პირდაპირ და ღიად ურიგებდნენ ფულს და ამის უამრავი კადრი და მაგალითი არსებობს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათ შორის, ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით, მათი გამოყენება ხმის მიცემისთვის - ამ ყველაზე მძიმე მანიპულაციის სქემაში, რომელშიც ჩვენ საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს და რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა სუს-ის, ცესკოს და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებული კოორდინირებული მუშაობის გარეშე. ამ თემაზე უახლოეს დღეებში, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, მივმართოთ პროკურატურას.
ეს არის ის ძირითადი და წინა ხაზი, სადაც დღეს მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და არჩევნების, როგორც სამართლიანი ისტიტუტის გადარჩენისთვის. ჩვენ აქ ვიბრძვით 24 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს გამყარდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, ყოველთვის, როგორც ვიყავით აქამდე და ვიქნებით მომავალშიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო. ამ შედეგებს არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ჩატარდა „რუსული სპეცოპერაცია“.