„ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაღიარებთ რუსეთის ამ ფორმით შემოსვლას საქართველოში“, - საქართველოს პრეზიდნტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, მოქალაქეებს ხვალ, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.
„მე, როგორც ამ ქვეყანაში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა მინდა ვთქვა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების.
მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი შემდგომი თაობებისთვის. არ შეიძლება, რომ ვინმემ საქართველოს წაართვას თავისი ევროპული მომავალი.
რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი და მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც დღეს წარმოაგდენს საქართველოს მოსახლეობას, მინდა მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაღიარებთ რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად. ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, „ქართულ ქარტიას“.
მათთან ერთად მინდა გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 7 საათზე, რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ აქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმობთ. ამას ხვალ ჩვენ ყველა ერთად ვიტყვით. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარტნიორებსაც მიმართა. მისი თქმით, საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს, მისი მომავლის და რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, „ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება“.
„ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ მოსახლეობა, მათი უფლებები, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უფლებები, როგორც დაიცავით საქართველო და დადექით მოსახლეობის მხარეს, როდესაც ხელისუფლებას უნდოდა მიეღო და მიიღო რუსული კანონი, ასევე, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ ჩვენ გვერდით - მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 54%-ს იღებს. ეს შედეგი მკვეთრად განსხვავდება ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მაჩვენებლებისგან, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციამ ჯამურად უფრო მეტი საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“.
