ფრაქცია „საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს იმ კომისიის მუშაობაში, რომლის შექმნაც „ქართული ოცნების“ პარლამენტში სურსათის ფასების შესასწავლად იგეგმება. თამარ (ტატა) ხვედელიანის თქმით, ინიციატივა დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ჩვენი პოლიტიკური პარტია ამაში აქტიურად იქნება ჩართული, თუმცა ამ კომისიის პროფილი უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.
„რადგან გაიხსნა ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. ეს საკითხი დარჩეს ისე, რომ ერთმა ქსელურმა მარკეტმა მეორე ქსელური მარკეტი ჩაძიროს, სუსი და მთავრობა გამოიყენოს, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას“, – თქვა გოგიჩაიშვილმა.
24 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღიარებს, რომ სასურსათო პროდუქტების „ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“. მისი თქმით, სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ია.
კობახიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებენ და „სამართალდამცავ უწყებებს“ მოუწოდა, დაადგინონ, ხომ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ პარლამენტს სთხოვა, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც „საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს“.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირების პროცესის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეიქმნება.
კობახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ სუს-ი „თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას“ იწყებს. მაღრაძე დაიმუქრა, რომ „მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“.
