ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსზე“ პოლიტიკური გადაცემა „ნიუსრუმი“ დაიხურა. როგორც გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ამბობს, გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს, მოულოდნელად შეიტყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ასე და ამგვარად, ეს დღეც დადგა, ოღონდ სიურპრიზად გავიგე ახლახან. პოლიტიკური გადაცემა „ნიუსრუმი“, რომელსაც 5 წელია ვაკეთებ და ვფიქრობ, არც თუ ისე უხარისხოდ, ეთერში არ გავა. ამ ეტაპზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.
ვერსიას, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან „პალიტრა ნიუსის“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირდებოდეს, ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ტაბატაძე უარყოფს. მისი თქმით, გადაცემის დახურვა შიდა გადაწყვეტილებაა.
25 მაისს, ფილოსოფოსმა და მთავრობის პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერს, რომ ამერიკელები საქართველოში „ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბებას“ ცდილობენ. მისი თქმით, ამის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ დავით კეზერაშვილისთვის მიბარება.
„ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა“, - ამბობს შათირიშვილი.
მისივე თქმით, „ფსევდოშუაშისტური ძალის“ ჩამოყალიბების მიზნით, ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი გამოიყვანეს. ყიფიანი რამდენიმე დღის წინ თოქ-შოუ „ნიუსრუმის“ სტუმარი იყო, სადაც მან თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს.
მმართველმა პარტიამ „პალიტრამედიას“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა ორი თვის წინ დაიწყო, რასაც წინ უძღოდა 27 მარტს, პროსახელისუფლებო პორტალ ongo.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. 28 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავისი სარედაქციო პოლიტიკით „პალიტრა მედია კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“ გახდა.
„მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ტელევიზიის, თუ ზოგადად ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსს და ამის ცვლილებას გასული სამი თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობდა პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა 2“, ანუ ადრე ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც დაბალანსებული ტელევიზია, დღეს დაემსგავსა კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ და განსხვავება რეალურად ერთის და მეორეს მაუწყებლობას შორის არსებითად აღარ არის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული“, - განაცხადა კობახიძემ.
„პალიტრა მედიამ“ ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან კავშირის შესახებ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.