„ქართული ოცნების“ ევროპული გზა მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
პაპუაშვილმა 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. პაპუაშვილის მტკიცებით, კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო ვართ, არამედ ვასწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის წევრებსაც კი.
„ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ, რადგან, განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად; ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად; ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი. [...]
გვრჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა, რათა საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგვხედოს ისე, თითქოს საქმე სახვეწრად და დასამადლებლად გვქონოდეს.
ჩვენ ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები - შეუძლებელია, ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახორციელებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა.
„ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია.
„ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის.
წინ 26 ოქტომბერია, დღე, როცა უნდა გადაწყდეს, რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელოდებიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც, როგორც თანასწორს, ისე ელოდებიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში „უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ“.