პაპუაშვილი ევროპელ ელჩებს სასამართლო პროცესებზე დასწრებისთვის აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სასამართლო პროცესებზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩების და საელჩოების წარმომადგენლების დასწრება „ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლად“ შეაფსა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღევანდელ პრესკონეფერენციაზე პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებას ეხება. ბელგია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პატივი სცეს სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას. გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და ჯდება იმ სასამართლო პროცესზე იმ მოსამართლესთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს.

თუ შევხედავთ ამ პროცესს, ელჩების დასწრებას – ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არამგონია, თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს რამეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ, თუ არადა, შეუძლიათ, სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია – აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება: ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან რევიზორები და ისინი თუკი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და რა სურთ მათ საჯაროდაც ამბობენ, ამას მოჰყვება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრება „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევაა“, რასაც ევროპული ქვეყნები რუსეთს ედავებიან.

„რუსეთს რომ ედავებიან – და დღეს რასაც ვხედავთ, რომ აირია საერთაშორისო წესრიგი და სწორადაც ედავებიან, როცა პატივს არ სცემს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს  –და თავად, არ სცემენ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის ზუსტად საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან პროცესზე, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე.

ამას ადრე სხვანაირად აკეთებდნენ, პოლიტიკური განცხადებებით. სტრასბურგში ყოველ ჯერზე დამარცხდნენ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე, სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე დამარცხდა ყველა საელჩო, რომელიც თავს ესხმოდა ქართულ მართლმსაჯულებას. ახლა აღარ უნდათ, რომ დაელოდონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და

პირდაპირ მიდიან სასამართლო პროცესებზე იმისთვის, რომ იქ დამაშინებელი გარემო შეუქმნან მოსამართლეებს და ცენტრიდან ჩამოსული რევიზორებივით თავზე დაადგნენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას.

ასე რომ, ასეთი განცხადებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, აჩვენებს, რამდენად არ სცემენ პატივს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით ამას ქადაგებენ. საქმით, როდესაც ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, როგორც ჩანს, ზოგიერთი უყურებს, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ქვეყანა და დაბალი ღობე, აქ პატივს არ სცემენ ამ მთავარ პრინციპებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესებს ესწრებიან.

მიმდინარე კვირაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის,  მზია ამაღლობელის პროცესებზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი, ასევე, გერმანიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

3 მარტს, ლიეტუვამ და ესტონეთმა სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ ათობით მოქალაქეს დაუწესეს. სანქცირებულთა შორის მოხვდნენ მოსამართლეებიც, ვინც მზია ამაღლობელის და პროევროპული აქციების დაკავებული მონაწილეების საქმეებზე მიიღეს გადაწყვეტილებები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.