საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო [USAID] ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფულს სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის ხარჯავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში, როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია იმისთვის, რათა მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, მოხდეს ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის.
მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. 2 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ სერბეთში მოქმედი ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები, რომლებმაც საქართველოში ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი გადატრიალებისთვის გადაამზადეს, თბილისში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ.
პაპუაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული ხმების პარალელული დათვლის (ე.წ. პივიტი) შედეგებში დაშვებული შეცდომაც გაიხსენა, რის გამოც მაშინ ორგანიზაციის დირექტორი გადადგა.
„აქამდე ვნახეთ, რომ ის ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული, ის ყალბი შედეგები, მაშინ არეულობის საფუძველი იყო. გავარკვიეთ, რომ ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, ყალბი იყო და ამას უმალავდა საზოგადოებას, არც ეუბნებოდა ხელისუფლებას და ხალხს.
დღემდე არ გაუკეთებია ამაზე კომენტარი და განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ყალბი იყო. ხედავდნენ, რომ ეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები არეულობის საფუძველი იყო.
გააკეთონ განმარტებები, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობა უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება მოახდინონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. „განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“, - აღნიშნა კობახიძემ.
სუს-მა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ბაჩა მგელაძის თქმით, პროცესების დასაწყებად ზუსტად ის პერიოდია შერჩეული, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.