საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს ანტიდასავლური და ანტისემიტური ლიტერატურა დაურიგდათ. პარტია „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, შეთქმულების თეორიებით გაჯერებული 400-გვერდიანი წიგნი „ლუციფერის მხილება“ გუშინ, 14 მარტს მიიღეს, როდესაც პარლამენტის წინ პრორუსული პარტია „ალტ-ინფო“ აქციას მართავდა და ევროკავშირის დროშას წვავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული წიგნის პარლამენტში მოხვედრა მმართველ პარტიასთან იყო შეთანხმებული, რადგან სხვადასხვა დროს, საკანონმდებლო ორგანოში სურათების, მაისურების თუ სხვა მასალების შეტანაზე თავად პრობლემა ექმნებოდათ. გარდა ამისა, მათი აზრით ამ რაოდენობის ლიტერატურის შეტანა, ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა.
„მაშინ, როდესაც საკუთარ სამუშაო ოთახში დასაკიდად, გელათის და ვარძიის ფრესკების სურათების შემოსატანად უსაფრთხოების ხუთი საფეხური გავიარე, აი, ასე შემოაქვთ და მაგიდებზე გვიტოვებენ წიგნს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების საწინააღმდეგო“, - ამბობს გალდავა.
„ამბროსი ხელაიას გამოსახულებით დაპრინტული 10 ცალი მაისურის შემოტანა მინდოდა და ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს. რამდენიმე მაისურის ჩაცმა და ისე შემოტანა მოგვიწია. ასეთი მაისური არ შემომატანინეს და რაღაც გაურკვეველი ლიტერატურაა შემოტანილი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
„ამ დღეებში, პარლამენტის შენობაში ერთ-ერთი შემოსვლის დროს, შედარებით დიდი ფურცელი მქონდა. შინაარსის წაკითხვა დაიწყეს, რა შემომქონდა პარლამენტში. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია“, - უთხრა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.
გასულ კვირებში, როდესაც პარლამენტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს განიხილავდა, მანდატურის სამსახური ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში საპროტესტო პლაკატების შეტანის საშუალებასაც არ აძლევდა.
პარლამენტის აპარატი წიგნების დარიგებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. როგორც განმარტავენ, პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის მიერ გაგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. „ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლუციფერის მხილების“ ავტორი ალქოჩარია (ალექსანდრე ქოჩიაშვილი). წიგნი 2022 წელს არის გამოცემული, თუმცა პუბლიკაციაზე გამომცემლობის სახელი მითითებული არაა. „საქართველოში ქართველი კაცისათვის აღარასოდეს იქნება მშვიდობა, ვიდრე იარსებებს ჩვენზე აშშ-ს პროტექტორატი, თავისი უხილავი მმართველი მთავრობით, რომელსაც სურს მომავალში ჩვენი ქვეყანა აქციოს ისრაელის ნაწილად, თუმცა ჩვენს გარეშე. ხოლო, ვიდრე ამას მიაღწევენ გამუდმებით ვეყოლებით რეფორმირების რეჟიმში, რომ როგორმე დაგვაკარგვინონ ყოველივე ძვირფასი, რაც კი ქმნის ჩვენს ინდენტობას“, - წერს ავტორი წინასიტყვაობაში.
ალექსანდრე ქოჩიაშვილი ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებები არიან „არა მარტო აშშ-ის, არამედ ევროკავშირის ამერიკანიზებული იდეოლოგიის გავრცელების მექანიზმები“, იწვევენ დესტაბილიზაციას და „ყველა მათგანი საცნობია უცხო ქვეყნის აგენტად“.
ინტერნეტში არსებული ინფორმაციით, 2018-2022 წლებში ალექსანდრე ქოჩიაშვილს ასევე დაბეჭდილი აქვს წიგნები - „შეთქმულთა“ გეოსტრატეგია და არმენია“, „ქართველთა კაზუსი და ჩემი სამსჯავრო“, „ებრაელთა ბიბლიური შეთქმულება, საფრთხეები!“, „ვუარყოთ სიცრუის მანტია და შემოვისარტყლნეთ სიმართლის ჯავშნით!“. ერთ-ერთ წიგნში ავტორი საკუთარი თავის შესახებ წერს, რომ არის საქართველოს კაზაკთა კავშირის გენერალ-მაიორი, პოლიტოლოგი, იურისტი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და აკადემიკოსი.