პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ იმართება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ და ითხოვენ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას ე.წ. უცხოეთის აგენტებს შესახებ რუსული კანონის მიღებაზე. 9 აპრილის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანა დგას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ ფონზე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში სადავო კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი პარტია „ახალის“ ლიდერებსა და მხარდამჭერებმა გადაკეტეს. სამართალდამცველები ცდილობენ, შესასვლელი გაათავისუფლონ.

„ყველამ თავისი სინდისის მიხედვით იმოქმედოს. დღეს არაფერ შუაში აღარ არის ვიწრო პარტიული მიმდინარეობები. აქ არის ან ეროვნული ინტერესი, ან რუსული. ამ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ზნეობა. ამ ადამიანებს არანაირი სინდისი, მორალი, ადამიანობა არ აქვთ და არაადამიანობით, ამორალურობით უნდათ რუსეთს მიჰყიდონ ჩვენი სახელმწიფო. ამაზე არავინ ხელს არ მოაწერს.

ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს. ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში. ძალიან ბევრი ადამიანი, რომ რუსმაც, ივანიშვილმაც დაინახოს, რომ ამ ხალხს ვერ დაჩაგრავს“, - თქვა „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება აკრძალულია. უწყება აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს მოუწოდებს, პროტესტი გამოხატონ „მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ პოლიციას“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ადამიანებს გაპარვა მოუწევთ არა მარტო პარლამენტის შენობიდან, არამედ ქვეყნიდან, თუ ამ კანონს მიიღებენ. დაშლას არავინ აპირებს. რაც არ უნდა გვირტყან, წყლის ჭავლი დაგვიშინონ, დაგვაკაონ, ხელები გადაგვიგრიხონ, არავინ არ აპირებს აქედან გამარჯვების გარეშე წასვლას. საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი. ეს არ არის სტანდარტული ფრაზა, რომელიც ხშირად გვესმის ტელევიზორიდან. ეს არის ჩვენი ღირებულება და ამ ღირებულებით ვართ გაზრდილები. არ გავრუსდებით. როგორც მდინარაძემ მიიღო ნოკაუტი, ისე მიიღებს მთელი რუსული ოცნება ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტს დღეს, 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველი პარტია აპირებს, ის სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევა შეუძლია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).