„ფასნამატის 44% დისტრიბუციაზე მოდის“ – კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის“ სხდომის ფარგლებში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძემ განაცხადა, რომ პროდუქტებზე ფასნამატი საქართველოში საშუალოდ 86%-ს შეადგენს, საიდანაც 44% დისტრიბუციზე მოდის.

„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე, მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე, ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დაბალანსდეს და ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ფასების შემცირება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ე.წ. სასურსათო ფასების კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთი და 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

შპს „მზიურისა“ და „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა (თუმცა, ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს წარმოვადგენ), რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით. ფასების შემცირება შესაძლებელია. ფასნამატი და ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის სხვანაირად არის, რადგან ლოჯისტიკური და სხვადასხვა ხარჯი არსებობს“, – თქვა მან. 

ლაშა რიჟამაძემ, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ კომისიას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია „იმ პრობლემატური საკითხების შესახებ“, რაც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობაში აქვთ.

„ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ კარნახობს პირობას ბაზარზე. არც სადისტრიბუციო კომპანია და არც ადგილობრივი მწარმოებელი არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე და არის - შემსყიდველი.

მათ შორის, ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე. მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა და ამ კუთხით რეგულირება, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას ახდენდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, დადებით როლს ითამაშებს. უბრალოდ, ეს პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წარიმართოს იმ ფორმით, რომ რეალურად არ დაზიანდეს არცერთი მხარე და საბოლოოდ მომხმარებელი“, – განაცხადა რიჟამაძემ.

მისივე თქმით, ევროპელი მწარმოებლის მიერ ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული 3-მილიონიანი და 60-70 მილიონიანი ქვეყნისთვის.

„აქ უკვე ფასთა შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება. საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით კიდევ დიდი ხარჯები არსებობს, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს რეგულირება არა ფასს, არამედ ურთიერთობას ეხება და აწესებს კონკრეტულ ზღვრებს და ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასი დაწიოს“, – აღნიშნა დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა.

21 იანვარს კობახიძე სასურსათო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო რამდენიმე მსხვილ სუპერმარკეტსა და სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე, ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.