გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი, 45 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც მისი ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, ის სასტიკად არის ნაცემი, თუმცა ციხის ექმებმა დაზიანებები არ აღწერეს და სამედიცინო დაწესებულებაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
ადვოკატის თქმით, იოსებ გორგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკაში 23 იანვარს ისე მოათავსეს, რომ ამის შესახებ ციხის ადმინისტრაციას არც ოჯახისთვის და არც მისთვის არ უცნობებია.
„გლდანის N8 დაწესებულებიდან კვირა დღეს დამიკავშირდა ერთ-ერთი პატიმარი, როემლიც მეუბნება, რომ გორგაძე იყო ცუდად, გადაიყვანეს საავადმყოფოში და ხომ არ იცი, როგორ არისო. ამის შემდეგ მივდივარ მე „ვივამედში“ და ვარკვევ, რა ხდება.
23 იანვარს შემოყვანილი იქნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის N8 დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში. ციხის დაწესებულებამ შემოიყვანა ინსულტის დიაგნოზით, არადა ადამიანს სახის ძვლების არცერთი ნაწილი მთელი არ აქვს. წარმოდგინეთ, ისეთი დაზიანებები აქვს. ეს ადამიანი არის ნაცემი, ნაწამები და ისე გადმოიყვანეს აქ“, - განაცხადა ადვოკატმა „მთავარ არხთან“.
მუხრან ღურწკაიას თქმით, გაუგებარია, რატომ მალავენ გლდანის ციხის ადმინისტარცია და სპეციალური პენიტენციური სამსახური „იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი სასტიკად ნაცემია“.
„გლდანის N8 დაწესებულებაში ექიმებს არ გაუკეთებიათ არცერთი აღწერა ხილულ დაზიანებებთან დაკავშირებით - მას ჰქონდა ექსკორიაციები, სისხლნაჟღენთები, ჩალურჯებები. ეს არ არის აღწერილი და რატომ, ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას და ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინა“, - ამბობს ადვოკატი.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. მისი თქმით, ამ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს აწვდიან და მხოლოდ მას აქვს გასაჯაროების უფლება.
„23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. უწყება უარყოფს ციხის თანამშრომელთა მიერ ბრალდებულზე ძალადობას. გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ადვოკატის მიერ დასახელებული ფიზიკური დაზიანებების შესახებ.
კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა, თუმცა უშუალოდ „პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“. ომბუდსმენის აპარატი შეკრებილი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რასაც განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის და მიმდინარე გამოძიებაზე „მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების“ მოტივით ხსნის.
სახალხო დამცველი გამოძიებას მოუწოდებს, „შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა“.
იოსებ გორგაძე 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზეა ბრალდებული და წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.