პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და კორუფციის ახალი საქმის აღიარებას სთავაზობენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მისი და მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნდა, ღარიბაშვილი აღნიშნავს:

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“

ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის ფოტოასლის მიხედვით, მას მოქმედების ორი ვარიანტი შესთავაზეს:

„დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“.

წერილში დასახელებულმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრულ ურთიერთობას არ უარყოფს, თუმცა სოციალურ ქსელებში კამპანიების ორგანიზება კატეგორიულად უარყო:

„მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა „დასმენების“ კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!“

ირაკლი ღარიბაშვილი დაპატიმრებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდებით. 2026 წლის 12 იანვარს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია აღიარა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა შეეფარდა.

გამოძიების თანახმად, ის თანამდებობაზე ყოფნისას ფარულად ეწეოდა ბიზნესს და შემოსავლის დასაფარად დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ფულს საჩუქრად ოჯახის წევრებისგან იღებდა. ჩხრეკისას ამოღებული 6.5 მილიონი აშშ დოლარი ჩამოერთვა. განაჩენის შემდეგ მისმა ოჯახმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.