არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე პარტიამ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის მთავარი დაპირებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 14 მილიარდი ევროს დახმარების მოზიდვა, ფასების დარეგულირება, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა, საპენსიო სესხების განულება და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
თინა ბოკუჩავამ, რომელიც საარჩევნო სიას სათავეში უდგას, პენსიონერების პრობლემებზე ისაუბრა და საპენსიო სესხების გაუქმებას დაჰპირდა.
„პენსიონერები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ჩვენი საზოგადოების და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს, რათა მათ ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, დღესდღეობით მათ ოთხჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ. ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე,“ - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.
როგორც სიაში მესამე ნომრით წარმოდგენილმა სოფო ჯაფარიძემ თქვა, პენსიონერებთან შეხვედრებიდან იცის, რომ მათ მედიკამენტებსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. საპენსიო სესხების განულებასთან ერთად, პარტიის დაპირება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდაა.
„გპირდებით, რომ ზამთარს შეხვდებით ამ კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხების გარეშე და გექნებათ ღირსეული, მშვიდი სიბერე, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ... ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდიან დახმარებას და ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის უდიდესი მხარდაჭერა, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ თქვენი პენსია 1000 ლარამდე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტიის საარჩევნო პროგრამა სოციალური პენსიის ზრდასაც ითვალისწინებს: „გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის პენსია, ომის ვეტერანთა პენსია... ჩვენ გპირდებით: როგორც კი მოვიშორებთ „ქართულ ოცნებას“, ყველა პენსიონერს ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი ექნება უფასოდ“, - დასძინა სოფო ჯაფარიძემ.
პარტიის მთავარი დაპირება „ფასების მაფიის“ დასრულებაა, რაც დეპუტატობის კანდიდატების განცხადებით, მოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლას აიძულებს. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის მილიარდიანი ფონდი, რომელიც ემიგრანტებს ოჯახებთან დაბრუნებაში დაეხმარებათ.
„90%-ით გაიზარდა პროდუქტის ფასები, 60%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადები, საწვავის ფასები 60-62%-ით გაიზარდა, მედიკამენტების ფასები ასევე 70%-ით გაიზარდა. გადავიდეთ სარფიდან 12 კილომეტრში თურქეთის ქალაქები, ნახევარი ფასია ყველა პროდუქტზე, იგივე სიტუაციაა აზერბაიჯანსა და სომხეთში. თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი მოქალაქეების ხელფასები საერთოდ არ გაზრდილა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც დეპუტატობის კანდიდატთა სიაში მეექვსეა.
პარტია ფასების რეგულირებას ეკონომიკაში კონკურენტული გარემოს შექმნით, გადასახადების დაწევით, რეგულაციების შემცირებით, ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვით აპირებს.
სიის მეორე ნომერმა გიორგი ვაშაძემ, საარჩევნო პროგრამის მთავარი დაპირება - 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია განიხილა. წარმოება, ინფრასტურქტურა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უახლესი ტექნოლოგიები, განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება არის ის მიმართულებები, სადაც პარტია 14 მილიარდის გადანაწილებას გეგმავს.
„ყველა რეგიონში გაიხსნება საწარმოები და მოგვეხმარებიან, რომ პროდუქცია „დამზადებულია საქართველოში“ შევიდეს ევროპულ ბაზარში... დამთავრება ცენტრალური მაგისტრალის და ახალი სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობა. აშენდება პორტები, ლაზიკის პორტი. ქუთაისისა და თბილისის აეროპორტების გაფართოება და განვითარება. სწრაფი რკინიგზით ჯერ საქართველოს შიგნით დაქსელვა, შემდგომ უკვე საქართველოს დაკავშირება სხვა დედაქალაქებთან.
მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯება ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში, არ დარჩება საქართველოში გოჯი მიწა დაუმუშავებელი, სადაც მოვა ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტი და ჩვენ შევალთ ევროპულ ბაზარზე. გაიზრდება ყურძნის ფასი, გაიზრდება თხილის ფასი და ყველა იმ პროდუქციის ფასი, რომელიც საქართველოში მოგვყავს.
შემდეგი სფერო სადაც ჩაიდება ინვესტიციები იქნება ახალი ტექნოლოგიები. რაც ახალგაზრდებს მისცემს საკუთარი ნიჭის, პოტენციალის, რეალიზების შესაძლებლობას. რეგიონის ცენტრში იქნება IT ქალაქები, საუნივერსიტეტო ქალაქები, სადაც სწორედ ევროპული ცოდნა შევა იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ მოუწიოს ქვეყნიდან წასვლა, დამაგრდეს აქ, ჰქონდეს მაღალი შემოსავალი და წამოიწყოს მრავალ მილიონიანი და მილიარდიანი ბიზნესები საქართველოში.
შემდეგი ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება, იმისთვის რომ კვალიფიციური მუშახელი დავახვედროთ ინვესტიციებს რომლებიც საქართველოში შემოვა... ის ბრენდები, რომლებიც გვხვდება მაღაზიებში, მათაც დაეწერება „წარმოებულია საქართველოში“.
განათლება არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის, რასაც აშენებს ნებისმიერი ქვეყანა. შესაბამისად, ამ 14 მილიარდში არის თანხები იმისთვის რომ სასკოლო განათლება განვითარდეს, პროფესიული სასწავლებლები განვითარდეს და რაც მთავარია, დაიხარჯოს საკმაოდ დიდი თანხები კვლევაში, მეცნიერებაში“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, არ მოექცნენ მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ და არჩევანი თავისუფლად გააკეთონ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე ყურადღების მიღმა დარჩნენ ეთნიკური თემებით დასახლებული რეგიონები, სადაც სოციალურ პრობლემებთან ერთად, მოქალაქეობის მიღების და ინტეგრაციის საკითხები კვლავ მწვავედ დგას. პროგრამა არც დევნილების საჭიროებებს განიხილავს - მიზერული სახელმწიფო დახმარება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა მათ მთავარ გამოწვევად რჩება. ოპოზიციური პარტიის წევრები არც ინვესტორებისა და ადგილობრივების ბუნებრივ რესურსებთან მიმართებით უფლებების განსაზღვრის საკითხებს შეხებიან.