„ქართულმა ოცნებამ“ პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე გადაავადა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება ბიზნესმენებთან „აქტიური კონსულტაციების“ შემდეგ შეცვალეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტები და შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები და ამის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე“, - განაცხადა კობახიძემ.
2026 წლის 12 მარტის დადგენილებით, 1-ელი ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდება ეკრძალებოდათ, ხოლო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა.
გამონაკლისს წარმოადგენდა: 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი; 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები; შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის განკუთვნილი სასმელი წყალი.
ახალი რეგულაციების დამტკიცებას ბიზნესის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. წყლისა და გაზიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა. მისივე თქმით, აკრძალვა სასმელების ინდუსტრიას 25 წლით უკან დააბრუნებდა და უამრავ მცირე მეწარმეს გააკოტრებდა. „ნაბეღლავის“ მწარმოებელ კომპანიაში, „წყალი მარგებელში“ კი აღნიშნავდნენ, რომ „მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აკრძალვა არ არსებობს“ და მთავრობის გადაწყვეტილება ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვან რისკებს შეუქმნიდა.
მთავრობის დადგენილების გადახედვა მოითხოვა „ხალხის ძალამაც“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭრაშვილმა განაცხადა, ასეთი „წინდაუხედავი გადაწყვეტილება“ გამოიწვევდა პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე ზრდას, არჩევანის შემცირებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას. „ხალხის ძალა“ ხაზს უსვამდა, რომ მომხმარებელთან ერთად დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეებიც დაზარალდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში სრულად აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ნივთების - ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპებისა და სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების რეალიზაცია, რომელთა იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალული იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური აკონტროლებენ, ხოლო დადგენილების დარღვევა ითვალისწინებს პროდუქციის კონფისკაციას და დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რაც განმეორებითი შემთხვევისას 2 000 ლარამდე იზრდება.
