პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნილი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ორი წლის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დააფუძნეს, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დეპუტატი სოზარ სუბარი აირჩიეს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სუბარმა განაცხადა, რომ დღეს „ხალხის ძალა“ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. მან პირობა დადო, რომ აუცილებლად გამოიძიებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ „სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტს“.

„მხოლოდ აგენტურის გასამართლების შემთხვევაში შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ რადიკალიზმი და ე.წ. პოლარიზაცია და შევქმნათ გრძელვადიანი გარანტია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ყველა თანამზრახველი არ გასამართლდება, მანამდე ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დეოკუპაციის და ეროვნული ინტერესების ბოლომდე გატარება ერთიორად გართულდება.

ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამზრახველი უცხოური აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“ – „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს იქნება პოლიტიკური პარტიის „მთავარი ღერძი“.

„პროგრესული კონსერვატიზმი არ შემოიფარგლება მხოლოდ წარსულით, იგი ორიენტირებულია განვითარებაზე, სიახლის მიღებაზე, ოღონდ ისე, რომ არ დააზიანოს წარსულის ფასეულობები. „ხალხის ძალის“ პოლიტიკა ყოველთვის იქნება დაფუძნებული სიმართლეზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. გვჯერა, რომ ამ გზაზე გვექნება საზოგადოების დიდი მხარდაჭერა“, - თქვა ხუნდაძემ.

„ხალხის ძალის“ ყრილობაზე სიტყვით დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, „ხალხის ძალის“ მთავარი მიზნები იქნება „ხალხის სიმართლით აღჭურვა, ჩვენი სამშობლოს მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა“.

„ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ეროვნული თვითშეგნების მქონე, ღვთის მოშიში და თავისუფალი ადამიანების გაერთიანება, რათა მოახლოებულ, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მოხდეს დამაჯერებელი გამარჯვება იმ ბოროტ ძალებზე, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, აქაური გამყიდველი და მოღალატე კოლაბორაციონისტების საშუალებით დაიმორჩილონ და დაიმონონ ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში „ქართული ოცნებიდან“ ფიქციურად გამოყოფილმა დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მოგვიანებით მათ ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძეც შეუერთდნენ. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ისინი დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში არიან. 2023 წლის დასაწყისში „ხალხის ძალის“ ავტორობით პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა და საპარლამენტო უმრავლესობამ ის პირველი მოსმენითაც მიიღო. ე.წ. რუსული კანონზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, მასობრივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად თქვეს უარი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).