29-30 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით 107 ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
შსს-მ აქცია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. ნიღბიანი პოლიციელები და სპეცრაზმის თანამშრომლები დილამდე დასდევდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აკავებდნენ დემონსტრანტებს. სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეო ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს პოლიციელთა მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
„მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.
აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში. არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისსა და რეგიონებში აქციები მოჰყვა 28 ნოემბერს, არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციაც დაარბია. საერთო ჯამში, ორი დღის განმავლობაში, აქციის 150 მონაწილეა დაკავებული.
