პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი შსს-ს აკადემიის რექტორად დანიშნა. მის შესახებ ინფორმაციას სამინისტროში ადასტურებენ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლელა ჩიქოვანი, რომელიც 2016 წლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2024 წლის თებერვალში თანამდებობიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ შეცვალა.

ჩიქოვანის გადადგომას წინ უძღოდა ნეპოტიზმისა და კორუფციის შესახებ ბრალდებები. გასული წლის იანვრის ბოლოს ტელეკომპანია „პირველმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ლელა ჩიქოვანის შვილს, თორნიკე ჩიქოვანს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბალტიმორში ორსართულიანი სახლი 205 ათას დოლარად აქვს შეძენილი.

თორნიკე ჩიქოვანიც თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტშია დასაქმებული და აშშ-ში მუშაობს. ყოფილი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს თავდაცვის წარმომადგენლობაში შტატი თორნიკე ჩიქოვანისთვის დაამატეს. გარდა ამისა, როგორც თეონა აქუბარდია ამბობდა, ის ნეპოტიზმის წყალობით მოხვდა კალიფორნიის შტატის სამხედრო საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლაში, სადაც აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად თითო კანდიდატს გზავნიდა.

„ყოვლად ამორალური და ამაზრზენია, ჩემი დაკავებული თანამდებობიდან ჩემივე სურვილით და გააზრებული და შეჯერებულ-შეთანხმებული გადაწყვეტილებით წასვლის დაკავშირება ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებული ტელევიზიის შეთხზულ-გამოგონილ ბრალდებებთან“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.

ლელა ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 1998 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.  2011-2015 წლებში ის შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო საზღვაო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2015 წელს მაშინდელმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ის შსს-ს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. მას შემდეგ, რაც 2015 წლის აგვისტოში გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გადავიდა, ლელა ჩიქოვანი სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოში დაბრუნდა, როდესაც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ის საკუთარ მოადგილედ დანიშნა.

პოლიციის აკადემიის მისია მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადებაა. 2024 წლის მარტიდან აკადემიის რექტორის პოზიციას ვახტანგ გაბრიჭიძე იკავებდა.

ლელა ჩიქოვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ეკონომიკა და მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხი) და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლის (თავდაცვის სისტემის ანალიზი და ეროვნული უსაფრთხოება, მაგისტრის ხარისხი) კურსდამთავრებულია. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა პროგრამები აქვს გავლილი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიაში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლაში, ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლაში, შვედეთის ეროვნულ თავდაცვის კოლეჯში, გერმანიის ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრში და საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.