ჟურნალისტი და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, დააკავონ. ამის შესახებ მან გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებას წერილობითი განცხადებით მიმართა და მოითხოვა სასამართლოს განჩინება, რის საფუძველზეც მისი ფონდის ანგარიშები დაყადაღდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად აპირებენ მისვლას.
„ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ და არ გამოვრიცხავ, რომ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც. ხომ გეცნებათ? მე ამას ვუშვებ“, - უთხრა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პროკურატურისგან ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია, რის საფუძველზე მიიღეს „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.
„ერთია, რა განცხადებას ავრცელებენ, ასე ზედაპირულს, მაგრამ მეორე - რა დევს საქმეში და რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.
მე მაქვს დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორების სახელებსა და გვარებს მიმალავენ, იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, ჩემი რეაქცია რა იქნება ამ პროკურორების მისამართით. ჩვენ კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები, მაგალითად, ახლა პარასკევს რომ ბავშვი მყავს წამოსაყვანი რეანიმობილით თურქეთიდან, თუნდაც მისი მშობლები. პროკურორები ამას სახელობითად ძალიან კარგად გაიგებენ.
ყველაფერი გაჩერდა, ადამიანები რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვთხოვდნენ დახმარებას და ჩვენ მათ ვეხმარებოდით, გაჩერდა, ჩვენ ვეღარავის ვეღარ დავეხმარებით“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
17 მარტს, პროკურატურამ „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა. აღნიშნული ორგანიზაციები პროევროპული აქციების დროს დაჯარიმებულებს, დაპატიმრებულებს და პატიმართა ოჯახებს ეხმარებოდნენ.
მიმდინარე წლის თებერვალში პროკურატურამ „ქართული ოცნების“ მოკავშირე ორგანიზაციის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე ე.წ. საბოტაჟის საქმე აღძრა. ფონდების დაყადაღება სწორედ ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. როგორც ვატო შაქარიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ამბობს, ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი, რომ „ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა“ და ამისთვის ფინანსების მობილიზება, იქნება დასჯადი.
