საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და მას შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დავით მათიკაშვილი, გია ბენაშვილი, ალუდა ღუდუშაური და სხვები სანიკიძეს დამამცირებლად ექცევიან, ხელს არტყამენ და უყვირიან - „დავაი ახლა აქედან“, „ბოდიში მოიხადე“, „ნაბიჭვარი“. მათიკაშვილი სანიკიძეს დედასაც აგინებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ბეჟაშვილს. რომ არა ის, არ ვიცი, როგორ დამთავრდებოდა. პარლამენტის მანდატურებს სირცხვილი და თავის მოჭრა, საერთოდ ხელი არ გაუნძრევიათ. 20 კაცი წამომესია“, - თქვა ინციდენტის დასრულების შემდეგ სანიკიძემ.
მასზე თავდასხმას წინ უძღოდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება. ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს 100 ათას დოლარად გაყიდული „ნაძირალა“, „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა. სანიკიძემ ღარიბაშვილს გინებით უპასუხა - „მტყუანის დედას შევე*ი“.
ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ გააღიზიანა სანიკიძის ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც მას და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
„საერთოდ მოგიწოდებთ ყველას და განსაკუთრებით, თქვენ, ბატონო პრემიერო, მეტი თავმდაბლობა! თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იჩემებს, რომ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ხართ. გირჩევთ, ხანდახან „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება და მოსმენა უყვარს. გირჩევთ, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს.
ამ ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და „გუშინ-ს“ „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ერთ რამეში დაგეთანხმებით,საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცათ, რადგან ხელისუფლება დროებითია, ხოლო ხალხი - მარადიული“, - თქვა სანიკიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
„ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით გამოირჩევა. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. 100 ათას დოლარად არის გაყიდული. შენ ხარ გაყიდული, ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. შეეშვით, შეეშვით ამ არაკაცს. როგორ არ გრცხვენია, მოღალატე. შენ ხარ ნაძირალა და მოღალატე ადამიანი. შეეშვით, ეყოფა თავისი უბედურება, თავისი ტრაგედია.
ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია ხალხს სთავაზობს ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს.
მინდა, ბატონო გუბაზ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უცხო ქვეყნის მსახურებს არ ეკუთვნით. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. ჩვენი ხალხი მარტივი არჩევანის წინაშე დგას - ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება, ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა და განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. დეპუტატების კითხვები ეხებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე გაზრდილი საფრთხეების გამო მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას და სხვა.
