ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა რესპუბლიკელ სენატორს აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
„სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი გამარჯვება მქონდა 2016, 2020 და 2024 წელს!“, - წერს დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.
ტრამპი აღნიშნავს, რომ ჯიმ რიში, როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დაუღალავად იბრძვის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგის წინსვლისთვის.
„ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები/ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [აშშ-ს კონსტიტუციის მეორე შესწორება იცავს იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას - რედ.] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.
სენატორ ჯიმ რიშს აქვს ჩემი სრული და საყოველთაო მხარდაჭერა ხელახალი არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და არასდროს დაგაღალატებთ!“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი.
ცოტა ხნის წინ ჯიმ რიშმა და დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის განვითარების ვარიანტების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“, იგივე „მეგობარი აქტი“ წარადგინეს.
ორპარტიული კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. კონგრესის ქვედა პალატაში ხელახლა წარდგენის შემდეგ „მეგობარმა აქტმა“ სენატში, კონგრესის ზედა პალატაში, გადაინაცვლა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი განხილვა 27 მარტს არის დაგეგმილი.
„საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შოკირებულნი და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლით და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან და აშშ-ს მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთ პოლიტიკურ სისტემაში“, - თქვა სენატორმა რიშმა 10 მარტს.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „მეგობარი აქტის“ სენატში წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი წარმოადგენენ „დიფ სთეითს“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ებრძვის.
„მეგობარი აქტით“ გათვალისწინებულია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ თანამზრახველებზე, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან ქვეყნის გადასაყვანად, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული იყვნენ სხვა სახის კორუმპირებულ ქმედებებში, რაც დამაზიანებელი იყო საქართველოში სტაბილურობისთვის. ამავე დროს, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს ხალხებს შორის კავშირებისა და თავდაცვაში თანამშრომლობის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „საქართველო კვლავ თანხვედრაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“.
