პრობლემური ხდება კრედიტების და დიპლომების უცხოეთში აღიარება - განათლების ექსპერტები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს. ამის შესახებ განცხადებას პროფესორ-მასწავლებლების მიერ შექმნილი მოძრაობა „ქართული განათლება საფრთხეშია“ ავრცელებს. აღნიშნულის მიზეზად ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა სახელდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განცხადების თანახმად, შეფასებაში, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

ექსპერტების თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:

  • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
  • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
  • საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
  • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.

განათლების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.

„ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს“, - ამბობენ ექსპერტები.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) 2019 წელს დარეგისტრირდა. შედეგად, შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ EQAR-ის გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ, თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

„აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია. ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.