საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთმა ჯამში მილიონ დოლარზე მეტი ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს „მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
„შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.
თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.
აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.
თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით.
გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, საიდანაც, პროკურატურის ინფორმაციით, 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ამოიღეს.
„იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც. ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს - ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. წარდგენილი ბრალდება 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2021-2024 წლებში, საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა, პროკურატურის თანახმად, 30 მილიონ ლარს აღემატება.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას არ გამოხმაურებია. 2023 წელს, როდესაც ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გლობალურ თაღლითურ ქსელზე ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ცილისმწამებლური იყო და ე.წ. ქოლ-ცენტერების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.