BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი გლობალური თაღლითური ქსელის უკან მდგომი ერთ-ერთი ბიზნესმენია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
საგამოძიებო სტატიაში, სათაურით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების ძიებაში“, BBC (ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია) წერს, რომ ქსელმა რიგითი ადამიანები, ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა.
გლობალურ თაღლითურ ქსელს BBC ერთ წელზე მეტი იძიებდა და შედეგად 152 კომპანია გამოავლინა, რომლებიც ამ ქსელის ნაწილია. თაღლითურმა ქსელმა Milton Group-ის სახელწოდების გამოყენება 2020 წელს შეწყვიტა. ის ამ სახელით არის ცნობილი პოლიციისთვისაც.
BBC-ი წერს, რომ Milton ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების სამიზნეები ინვესტორები არიან. პოტენციურ ინვესტორებში ნდობის გასაზრდელად, ერთ-ერთმა კომპანიამ სახელწოდებით EverFX-მა, ესპანურ საფეხბურთო კლუბ „სევილიაში“ ჩადო ფული და მთავარ გაზეთებში რეკლამდებოდა. BBC-ის გამოძიების ორივე გმირი, რომლებმაც ჯამში 39 000 ფუნტი დაკარგეს, სწორედ ამ კომპანიის მსხვერპლები არიან.
თაღლითობის მსხვერპლთა უმრავლესობა კომპანიებთან საქმეს სწორედ რეკლამის ნახვის შემდეგ იჭერდა. პოტენციურ მსხვერპლებს კომპანიები ტელეფონით თავადაც უკავშირდებოდნენ მათი დანაზოგის ინვესტირების შეთავაზებით. „ინვესტირებული“ თანხა Milton ჯგუფთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის ანგარიშებზე ნაწილდებოდა, რაც მათი კვალის პოვნას ართულებდა.
BBC-ის ჟურნალისტები ნოემბერში თან ახლდნენ გერმანული და ქართული პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც თბილისში მდებარე ქოლცენტრებში რეიდი განახორციელეს. საგამოძიებო სტატიის მიხედვით, ოფისებში არსებული კომპიუტერების ეკრანებზე ჟურნალისტებმა ბრიტანული ტელეფონის ნომრების სია ნახეს. აბონენტებს დაუკავშირდნენ და შეიტყვეს, რომ მათ საკუთარი ფული ცოტა ხნის წინ რაღაცაში ჩადეს. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა ერთ-ერთ სამუშაო მაგიდანზე შეამჩნიეს ხელით გაკეთებული ჩანაწერები - სახელები და თაღლითებისთვის სასარგებლო დეტალები: „ბინის მესაკუთრეა, არ აქვს პასუხისმგებლობები“, „დანაზოგი 50 ათასი“, „პოლონეთიდან არის, ბრიტანეთის მოქალაქეა“ და ა.შ.
როგორც BBC წერს, Milton ჯგუფის საქმიანობა სხვა მედიასაშუალებების მიერ წარსულშიც ყოფილა გამოძიებული, მაგრამ BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გლობალური თაღლითობის უკან მდგომი მთავარი ფიგურების იდენტიფიცირება გადაწყვიტეს. Milton ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირების დასადგენად, მათ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორატიული დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს. ამ პროცესში, Milton-ის სავაჭრო პლატფორმების ან მხარდამჭერი ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორებად მუდმივად ხუთი სახელი ხვდებოდათ - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ოთხი მათგანის - ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძის და ბენიმინის სახელები ნახსენებია პანამის დოკუმენტებშიც (2016 წელს გაჟონილი დოკუმენტები ოფშორული კომპანიების შესახებ), სადაც ისინი დასახელებულნი არიან როგორც დირექტორები ან მაღალი რანგის პირები ერთმანეთთან დაკავშირებულ ოფშორულ ან შვილობილ კომპანიებში. აღნიშნული კომპანიები Milton ჯგუფამდე არსებობდა და როგორც BBC წერს, ბევრი მათგანი, საბოლოო ჯამში, ერთ პირამდე - დავით კეზერაშვილამდე მიდიოდა.
გამოძიებაში BBC აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო სახსრების - 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. განაჩენის გამოტანის დროს ის ლონდონში ცხოვრობდა. დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ უარყო.
BBC წერს, რომ საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton ჯგუფამდე არსებულ ქსელთან დააკავშირებდა, მაგრამ „პანამის დოკუმენტებში“ ხშირად ვარდება მისი სახელი, როგორც ან ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის ან მათი თავდაპირველი აქციონერის. BBC წერს, რომ სცენის მიღმა კეზერაშვილი ამ ქსელის ცენტრში ჩანდა.
ანალოგიურად, როდესაც საქმე Milton ჯგუფს ეხება, საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას Milton-ის კომპანიებში რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი გააჩნდა. თუმცა, Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა გამომძიებელ ჟურნალისტებს კონფიდენციალურად გაუმხილა, რომ მათ საქმე პირდაპირ კეზერაშვილთან ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ის Milton ჯგუფში იყო ჩართული.
BBC წერს, რომ კეზერაშვილი ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს სოციალური მედიის პირადი გვერდების მეშვეობით. მაგალითად, LinkedIn-ში საკუთარ ანგარიშს თითქმის მხოლოდ სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისა და Milton-თან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გაზიარებისთვის იყენებდა.
BBC-მ შეძლო მოეძიებინა სხვა მტკიცებულებები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის Milton-ის კომპანიებთან კავშირების შესახებ. კერძოდ, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა ელ.ფოსტის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton ჯგუფის კომპანიები იყვნენ, მისი ვენჩურული კაპიტალის ფირმა - Infinity VC კი, ფლობდა ბრენდინგის და ვებ-დომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიით უზრუნველყოფდნენ.
გარდა ამისა, კეზერაშვილის საკუთრებაშია კიევში მდებარე საოფისე შენობა, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლცენტრი, რომელიც კომპანია EverFX-ის მომსახურებას ჰყიდდა, ისე ტექნოლოგიური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდნენ. 2022 წლის ნოემბერში, ამ ოფისებში პოლიცია იყო შესული. BBC-ი აღნიშნავს, რომ დავით კეზერაშვილი საოფისე ბლოკს ფლობს თბილისშიც, სადაც იგივე ტექნოლოგიური ფირმები იყო განთავსებული.
Milton ჯგუფის ოთხი მთავარი პირის სოციალური მედიის პროფილების შესწავლის დროს, ქორწილებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე გადაღებული ფოტოებიდან, BBC-სთვის ნათელი გახდა, რომ მათ ახლო კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან. BBC წერს, რომ კეზერაშვილი Milton ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული სულ მცირე 45 ადამიანის Facebook მეგობარია, ერთ-ერთი მთავარი პირი კი მისი ბიძაშვილია.
BBC-მ კეზერაშვილს ლონდონში, 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლში მიაკითხა და მასთან გასაუბრება ითხოვა, თუმცა უთხრეს, რომ ხელმისაწვდომი არ იყო. ის ჟურნალისტებს ადვოკატების მეშვეობით დაუკავშირდა და Milton ჯგუფთან რაიმე კავშირი ან თაღლითობიდან შემოსავლის მიღება კატეგორიულად უარყო. თქვა, რომ რამდენადაც იცის, EverFX კანონიერი ბიზნესია. კეზერაშვილის იურისტები აცხადებენ, რომ სხვა კავშირები, რომელიც BBC-მ დაადგინა, „არაფერს ადასტურებს“.
იგივე გაიმეორეს ჭელიძემ და გოგეშვილმაც. მათი თქმით, EverFX კანონიერი ბიზნესი იყო. უარყვეს, რომ იციან Milton-სა და EverFX-ს, ან ჟურნალისტების მიერ იდენტიფიცირებულ სხვა კომპანებს შორის რაიმე კავშირის შესახებ. ჭელიძემ და გოგეშვილმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ EverFX-ის ბრენდი მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად გამოიყენეს.
ბრალდებები მგელაძემაც უარყო და BBC-ის უთხრა, რომ არასოდეს ჰქონია თაღლითური ქოლცენტრები და არც Milton ჯგუფის შესახებ იცის რაიმე. ბენიმინმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
EverFX-ში განაცხადეს, რომ ისინი კანონიერ და რეგულირებულ პლატფორმას წარმოადგენდნენ, სადაც რისკები სრულად აქვთ ახსნილი.
BBC-ის საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებამდე, 2 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დავით კეზერაშვილთან ინტერვიუ გავიდა, სადაც მან ქოლცენტრებთან კავშირი უარყო და ბრალდებას აბსურდი უწოდა. „მე არ მაქვს არანაირი ბიზნესი, არც ლეგალური, არც არალეგალური საქართველოში. რაც შეეხება ქოლცენტრებს მთლიანობაში, კი, ამას აქტიურად ცდილობენ და ეს წამოვიდა საიდან, ერთ-ერთი პირველი „ფორმულა“ იყო, სიუჟეტები გავიდა ამის შესახებ. ნუ ამას ცდილობენ, არის გარკვეული ადამიანები, რომლებზეც ამბობენ, რომ აქვთ ეს ბიზნესი, არიან ჩართულები ამ საქმიანობაში, რომელთაც მე ვიცნობ, რომელთანაც მე ვმეგობრობდი, მქონდა გარკვეული ურთიერთობები და რადგან ეს ესეა, მაშინ ეს ყველაფერი ვარ მე. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ბევრნაირ ადამიანს ვიცნობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე. არა, ეს ასე არ არის, მაგრამ მცდელობა არის მათი მხრიდან, რომ მომაწებონ“, - თქვა კეზერაშვილმა.