პროკურატურა სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხის, „პოს ტვ“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას ედავება ვიტალი გუგუჩიას, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიის მფლობელსა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გუგუჩია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ორი თვის წინ, მის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. „პოს ტვ“-ის 52%-იანი წილის მფლობელი სწორედ ჯაფარიძეა.
28 მაისს, როდესაც რუსული კანონისთვის ხმის მიცემის შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ქუჩაში „მონა“ დაუძახა. დეპუტატი ავტომობილიდან გადმოხტა, გუგუჩიას მაღაზიის დახლიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა. ვიდეომ სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა დააგროვა. მომდევნო დღეს ვიქტორ ჯაფარიძე მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. „ფორთოხალი პრობლემა არ არის, ჩვენს შვილებს მომავალი წაართვით“, - უთხრა მას ვიტალი გუგუჩიას მეუღლემ, მირანდა ჯობავამ.
31 ივლისს, ვიტალი გუგუჩიას სახლში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, „პოს ტვ“-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ მიაკითხა და ცოლისა და ოთხი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მას „ზონდერი“, „მეგის ქარდავას ხელის ბიჭი“ და „ჩახდილი“ უწოდა. ვიტალი გუგუჩია ნათია ბერიძესა და მის თანმხლებ ოპერატორებს წასვლისკენ მოუწოდებდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა - პროპაგანდისტული ტელეარხის ოპერატორმა გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.
„ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვიტალი გუგუჩიამ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს“, - განაცხადეს პროკურატურაში.
ვიტალი გუგუჩიას თქმით, „პოს ტვ“-ის თანამშრომლები მასთან პროვოკაციის მოწყობის მიზნით იყვნენ მისულები.
„იმის გამო, რომ ვერ გამომიყვანეს წყობილებიდან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვაგინებდი და ბინძური სიტყვებით ვპასუხობდი იმ ბინძურ პროვოკაციას და ბრალდებებს, რომლებიც ჩემი ოჯახის და არასრულწლოვანი შვილების წინაშე მოდიოდა ჩემს მიმართ, ოპერატორმა ჩამოწია კამერა (დავალების შეუსრულებლად უკან ვერ დაბრუნდებოდნენ) და ძველბიჭურად გამომიწვია „მოდი ბიჭო აქეთო“. მე მას ხელი ვკარი და ვუთხარი, რომ წასულიყო. თუ ამაში იგულისხმება ძალადობის მუხლი, არ ვიცი. მანამდე გავაფრთხილე, რომ წასულიყვნენ ჩემი სახლიდან. მას შემდეგ, რაც ხელი ვკარი, კამერა დააგდო და ჩემსკენ გამოიწია. კადრებში კარგად ჩანს, რომ მახტებოდა და ვიგერიებდი.
როგორც ჩანს, ვიქტორ ჯაფარიძე ჯერ სუს-ის აგენტებით, ახლა კი საგამოძიებო ორგანოებით ცდილობს, რომ გამისწორდეს. ვერ ვიტყვი ეს მხოლოდ მისი დავალებაა თუ არა. ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია მოუშვეს ჩვენთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ჩემი დიალოგი გახდა ტრიგერი იმისა, რომ გაღიზიანდა მთელი „ოცნება“ და 84 დეპუტატიდან არცერთს ქუჩაში თავისუფლად არ გამოესვლება, სისტემა მოქმედებს ჩემს წინააღმდეგ“, - განაცხადა გუგუჩიამ.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ვიტალი გუგუჩიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ზუგდიდის რაიონული სასამართლო ამ საკითხზე ხვალ, 6 აგვისტოს იმსჯელებს.