პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალი წარუდგინა, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, მისი ავტომანქანის დაზიანების და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა“, - ნათქვამია პტროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლუკა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსხვერპლმა, ხათუნა მიქაცაძემ ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. ქალი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან“, - თქვა ხათუნა მიქაცაძემ.

კურტანიძე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და როგორც მისმა ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა განაცხადა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ამბობს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ მის მიმართ პოლიტიკური პროვოკაცია. ასოცირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამიტომ არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ქალებზე ძალადობენ და არიან მოძალადეები“, - უთხრა ადვოკატმა ტელეკომპანია „პირველს“.

ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

პროკურატურის განცხადებით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კურტანიძე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. 2012-2014 წლებში ის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, 2015 წელს კი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, კურტანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პროექტორი იყო. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ის თანამდებობიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც ახალგაზრდა ქალმა ძალადობაში ამხილა. როგორც „პირველმა“ გაარკვია, 2022 წლიდან, „ქართულ ოცნებას“ ლუკა კურტანიძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ჰყავს დასაქმებული. კურტანიძემ ფიზიკურად იძალადა ქალ ჟურნალისტზე, რომელმაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.