პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ჩვენ ყველა არჩევნებში ვიღებდით მონაწილეობას. გვაუქმებდნენ, მაინც რეგისტრაციაზე გავდიოდით, სხვა პარტნიორს ვნახულობდით. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნები, მონაწილეობას მივიღებთ“, - თქვა პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის“ ლიდერმა კოკა მორგოშიამ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტია 22 აპრილს დაურეგისტრირა. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავაა.

ინტერნეტში და საკაბელო ტელევიზიების ქსელით მაუწყებლობა განაახლა პარტიის არხმაც, რომელმაც მუშაობა გასული წლის ოქტომბერში შეწყვიტა. არხი პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი. გადაწყვეტილება „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ახსნეს.

„ალტ-ინფო“ არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით მონაწილეობდა, რადგან აპრილში საჯარო რეესტრის სააგენტომ მათ მიერ დაფუძნებული პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ გააუქმა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, მხოლოდ 50 596 (2.4%) ხმა მიიღო.

საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები, ზურაბ მახარაძე და ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.

„ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს. „ალტ-ინფო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. „ალტინფო“ წვავდა ევროკავშირის დროშებს.

„ალტ-ინფოს” რადიკალური დაჯგუფება იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა, 11 ივლისს, ღამით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.