ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა „ქართველ პოლიტიკოსებს“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებულების სია გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში საქართველოდან ჩასულ „თანამოაზრეებს“ პუშილინი სექტემბრის დასაწყისში შეხვდა. დონეცკში იმყოფებოდნენ პრორუსული ტელეარხის, „სეზონი ტვ“-ის დამფუძნებელი და წამყვანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია და ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ირიმაძე, ასევე, პაატა აბულაძე - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი. ეს უკანასკნელი პუშილინს მოხსენიებული ჰყავს, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი.
მამუკა ფიფიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, გარედან ცდილობენ დესტაბილიზაციას, უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, ნიკოლოზ მჟავანაძემ კი აღნიშნა, რომ „საქართველო ყოველთვის იყო და იქნება რუსეთთან“.
პუშილინის მიერ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება დღეს, 9 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Ria Novosti-მ გაავრცელა:
„2014 წლიდან ჩვენ ვაკვირდებით ქართველი ხალხის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც აირჩიეს უკრაინის რეჟიმის, სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერის გზა და რომლებმაც, სხვა დანაშაულებთან ერთად, 2014 წლიდან მთელი პერიოდის განმავლობაში ჩაიდინეს ომის დანაშაულები.
ესენი არიან კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც მსახურობენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოში და აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას. ამიტომ, მინდა სია გადმოგცეთ, ჩვენ მთელი ინფორმაცია გვაქვს. შეხედეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობიდან გამომდინარე“.
ე.წ. დენეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დასძინა, რომ გადაცემულ სიაში შეყვანილი დაქირავებულების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და ჩადენილია მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ.
Ria Novosti-ის ცნობით, კომენტარი გააკეთა მამუკა ფიფიამაც. მისი თქმით, არსებობენ რუსეთის მოქალაქე ქართველებიც, რომლებიც „რუსეთის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს არიან“. ფიფიამ გამოთქვა სურვილი, რომ რუსულმა მედიამ მათ შესახებ უფრო ხშირად ისაუბროს, თუმცა, არც დაქირავებული მებრძოლები დაივიწყოს.
უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ათობით მოქალაქე რუსეთს დაუსწრებლად ჰყავს გასამართლებული და მათზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.
