„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნიუ-იორკში გამართულ მიღებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „მცირე შეხვედრა“ ჰქონდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„რა თქმა უნდა, მასთან მისალება მქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მან გამიმეორა - დიახ, მიხედავს ამ საკითხს. შემდეგ მე კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. ეს იყო მისი პასუხი“, – განუცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღო მონაწილეობა. 23 სექტემბერს დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ასამბლეაზე ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ვახშამზე უმასპინძლეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ღონისძიებიდან მხოლოდ აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკთან გადაღებული ფოტო გაავრცელა და დაწერა: „მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით“.
ვახშამზე მიწვეული იყო რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო იულსონიც, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს და მისი წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოს.
25 სექტემბერს, მიხეილ ყაველაშვილმა გენერალურ ასამბლეას მიმართა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა.
„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა.
დაახლოებით 11-წუთიანი გამოსვლის დროს, ყაველაშვილმა საქართველოს ისტორიაზე, ქართველებისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზე, მისი პარტიის „პრაგმატულ პოლიტიკასა“ და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა, მიმართა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებსაც, თუმცა, რუსეთი არ უხსენებია.
