„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ელდარ (ლუკა) კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
კურტანიძე, რომელიც 27 ივლისს, ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს, წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.
„სასამართლოს სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები. ჩვენ მივუთითებდით, რომ არსებობდა როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ისე მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმ ინტენსივობიდან გამომდინარე, რასაც ახორციელებდა ბრალდებული ამ ხნის განმავლობაში, რეალურად, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და სასამართლომაც გაიზიარა ყოველივე აღნიშნული“, - უთხრა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, დავით კირცხელმა.
პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად ბრალდებულმაც. იმ დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობიდან გამოიყვანეს და ავტომობილთან მიჰყავდათ, ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ციხეში მოიკითხავს დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
„ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ. ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები იმიტომ, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ხართ ნაციონალები“, - განაცადა კურტანიძემ.
საქმეზე მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
27 ივლისს, ტელეკომპანია „პირველმა“ ხათუნა მიქაცაძის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გარბის მისკენ ყოფილი ქმარი, ლუკა კურტანიძე გინებით. კაცის შეკავებას უშედეგოდ ცდილობს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ ქალი ეცემა და კურტანიძე სავარაუდოდ სცემს.
ვიდეოში ისმის ხათუნა მიქაცაძის ხმაც. ის კურტანიძეს „ქურდს“ და „მოძალადეს“ უწოდებს, პოლიციის თანამშრომლებს კი ეკითხება, რატომ არ აკავებენ მას.
მოგვიანებით ქალმა ტელეკომპანია „პირველს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან მისცა ინტერვიუ. მას ძალადობის კვალი ემჩნეოდა მკლავებზე, ხელებსა და კისერზე. როგორც თქვა, დაზიანებები ჰქონდა მუხლებზეც.
„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან“, - განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ. ლუკა კურტანიძეს მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
პოლიციამ კურტანიძე იმავე დღეს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა.
ბრალის წარდგენამდე, ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა განაცხადა, რომ კურტანიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ამბობს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ მის მიმართ პოლიტიკური პროვოკაცია. ასოცირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამიტომ არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ქალებზე ძალადობენ და არიან მოძალადეები“, - უთხრა ადვოკატმა ტელეკომპანია „პირველს“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლუკა კურტანიძეს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
