„ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი“ - ქაცარავა ცემის დეტალებს იხსენებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„პუბლიკას“ ფოტო

ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სპეცრაზმელების მიერ მისი ცემის დეტალებს იხსენებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მას ხუთჯერ სცემეს, ფული, ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვეს.

რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი *** შემაგინა .. სპეცრაზმელმა. დარტყმა, გინება, მუშტების და წიხლების წვიმა მოჰყვა ამ სიტყვებს.

მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე. ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა. ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.

კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს“, - წერს ის.

ქაცარავას თქმით, მთავარი მოქმედება მეორე, დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცრაზმელის მიერ ნაცემი, ფურგონში „შეაგდეს“ და ზურგსუკან ხელებშეკრულს სასტიკად გაუსწორდნენ.

ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგსუკან ხელებშეკრულს, 3 - 4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა სასტიკად, გამიზნულად, დამიზნებით თავში, სახეში. ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

დაზიანებები ყელის არეში / „პუბლიკას“ ფოტო

მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა. შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი. ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას შევეცი! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა - მგუდავდნენ. არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ. უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ. მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს“, - იხსენებს დავით ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავეს. ის სიტყვით მიმართავდა პოლიციას და სპეცრაზმელებს, რომლებმაც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირიდან მომიტინგეები ძალის გამოყენებით განდევნეს მას შემდეგ, რაც შსს-მ დემონსტრანტებს ბრალი დასდო, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უნებართვო შეჭრას ცდილობდნენ.

„40 კილომეტრში რუსები გვიდგანან აქ და თქვენ რუსების დამცველებად იქეცით. რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით“, - თქვა ქაცარავამ, რა დროსაც მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანი წარმომადგენლები ეცნენ და წაიყვანეს. სახეში დიდი რაოდენობით წიწაკის სპრეი შეასხეს სხვა დემონსტრანტებს, რომლებიც ქაცარავას გვერდით იდგნენ, „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს კი, რომელიც ქაცარავას დაკავებას და შემდეგ მასზე ძალადობის ფაქტის გადაღებას ცდილობდა, ხელკეტი დაარტყეს.

დაკავებამდე დავით ქაცარავას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. იმავე დღეს, ის სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ქაცარავა კლინიკიდან 20 მაისს გამოწერეს.

შსს დავით ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისმა ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ მათ საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ და არ იციან, ქაცარავასთვის კანონის დარღვევით წართმეული ნივთები საქმეში დევს და თუ გამქრალია.

დავით ქაცარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 14 მაისს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.