„ყველა ბრძანება მოსკოვიდან მოდის“ - სპეცრაზმის ყოფილი მაღალჩინოსანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გერმანიის უმსხვილესმა გამოცემამ, BILD-მა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 29 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყველა ბრძანება მოსკოვიდან მოდის“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა ირაკლი შაიშმელაშვილთან, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, შსს-ს მიერ პროევროპული აქციების დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა და შემდეგ, ოჯახთან ერთად ქვეყნიდანაც წავიდა.

პოლიციის პოლკოვნიკი BILD-თან საუბარში ამბობს, რომ ქართული „პოლიცია მხოლოდ მოსკოვის ინსტრუმენტია“. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და უსაფრთხოების ორგანოები კრემლის კონტროლქვეშ იმყოფებიან.

„საქართველოში დამოუკიდბელი სახელმწიფო სამსახურები არ არსებობს. ყველაფერი პირდაპირ მოსკოვთან არის დაკავშირებული და ყველა ბრძანება იქიდან მოდის“, - აცხადებს შაიშმელაშვილი.

როგორც ის ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სრულიად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია, საკვანძო თანამდებობები კვალიფიკაციის საფუძველზე არ ივსება და უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს კურირებენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები ან ისინი, ვისაც ოდესმე ხელი ჩამოურთმევია მისთვის.

„სიტუაცია გაუსაძლისი გახდა“, - უთხრა ირაკლი შაიშმელაშვილმა BILD-ს და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაიწყო მუქარები მისი ოჯახის წევრების მიმართ. როგორც გამოცემა წერს, მისთვის ნათელი გახდა, რომ ოჯახის დასაცავად ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

ინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ დანაშაულის გრძნობა აწუხებს:

„ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ 22 წელი მეგონა, საქართველოს ხალხის უსაფრთხოებისთვის ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ოლიგარქების კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფოსი“.

ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოდან გამგზავრებამდე ირაკლი შაიშმელაშვილმა ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია „პირველს“ მისცა. როგორც მან თქვა, აქციის მონაწილეების ცემა მიზანმიმართულად ხდება და არ გამორიცხა, რომ ბრძანებებს თავად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იძლეოდეს.

საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შაიშმელაშვილს „ჩვეულებრივი შარლატანი“ უწოდა. კობახიძის თქმით, ის გდდ-ის 17 სტრუქტურული ერთეულიდან ერთ-ერთში მუშაობდა და „არ იყო მაღალი თანამდებობის პირი“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.