საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, გააჩეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. ელჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა და ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა - „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის, ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ორი წლის განმავლობაში.
მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება, საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას - ფაქტობრივად საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლტიკას, როგორც მე მესმის და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას.
რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, სუვერენული ქვერყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა დიპლომატმა [„ტვ პირველის“ თარგმანი].
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირმა ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და განსახილველ ვარიანტებს შორის არის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაჩერებაც.
„ეს იქნება ევროკავშირის ლიდერების დისკუსიის საგანი. პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ევროკავშირი დგას თქვენს გვერდით და სრულიად გვესმის თქვენი გაბრაზება, თქვენი სასოწარკვეთილება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია. ეს სურვილი ჰქონდა საქართველოს მთავრობასაც“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ჰერჩინსკი რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დარბევასაც გამოეხმაურა და და განაცხადა, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა „აბსოლუტურად მიუღებელია“.
„გუშინდელი განცხადება ძალიან ბევრი ადამიანისთვის შოკისმომგვრელი იყო. დემონსტრაცია ორგანიზებული არ იყო, ეს სახალხო სპონტანური რეაქცია იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ ვინახეთ, რომ ძალადობა იყო გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად გამოხატოს თავისი პოზიცია“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. კობახიძის თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.