„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეტევა მიმდინარეობს POS TV-ის დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კობახიძე რამიშვილის მსგავსად ამბობს, რომ „ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაგეგმილია.
„მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს სამართალდამცავი უწყებების საქმეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე.
ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი. POS TV გადავიდა მესამე ადგილზე და გაასწორო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას, გმობს თუ არა შალვა რამიშვილის საქციელს და უჭერს თუ არა მხარს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა:
„რაც შეეხება ზოგადად ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, მე ამას დავგმობ. მე ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს მიხედოს და თავის ტელევიზიას მიხედოს, თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი“.
„ამდენ ქალს მართავს კეზერაშვილი?“, - ჰკითხა კობახიძეს ჟურნალისტმა, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ „ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო“.
ბოლო დღეებში მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დაადანაშაულა კიდევ ხუთმა ახალგაზრდა ქალმა - მაკო ჯაბუამ, ანანო იაშვილმა, გვანცა ბუდაღაშვილმა, ანანია გაჩეჩილაძემ და მირანდა ძირკვაძემ, რომლებიც სხვადასხვა დროს რამიშვილს, როგორც დამსაქმებელს შეხვდნენ. ანანო იაშვილი ამბობს, რომ რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 18 წლის ასაკში გახდა, როდესაც ტელეკომპანია „იმედში“ გასაუბრებაზე იყო მისული.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურად შევიწროებას ადასტურებს. ჩანაწერი 2018 წელს არის გაკეთებული, როდესაც ანანია გაჩეჩილაძე 22 წლის იყო, შალვა რამიშვილი კი 47-ის. რამიშვილმა ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.
რამიშვილი სხვა ქალების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ POS TV-ის რეიტინგის ზრდის გამო მიმდინარეობს „ცილისმწამებლური კამპანია“, რომლის ორგანიზებაში ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტს, თათია სამხარაძეს ადანაშაულებს. სამხარაძე პირველი იყო, ვინც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ ამხილა და 2016-2018 წლებში სასამართლო დავაც მოუგო.
POS TV ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს სამხარაძეს თანხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა გადაუხადა. 24 მარტს, POS TV-ის თანამშრომელმა ნათია ბერიძემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ შესაძლოა, თათია სამხარაძე გატაცებული და ნაცემი ყოფილიყო, რადგან დიმიტრი ჩიქოვანსა და მას შორის თანხასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ პოლიციელები ჩიქოვანის სახლში მივიდნენ. მათ თან POS TV-ის გადამღები ჯგუფიც ახლდათ. შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. სამხარაძე არც გატაცებული ყოფილა და არც ნაცემი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიწყო გამოძიება ქალების მხრიდან შალვა რამიშვილის საჯარო მხილებასთან დაკავშირებით. რამიშვილს მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ წევრებმა გამოუცხადეს.