რამზან კადიროვმა უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებს მიმართა და მოუწოდა, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ყოფილი მეთაური, უკრაინაში მყოფი ახმედ ზაკაევი მოკლან. კადიროვი იმუქრება და ამბობს, რომ „ქვეყანაც რომ დაიქცეს“, ზაკაევს მაინც მისწვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რამზან კადიროვმა ვიდეომიმართვა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მშობლიურ ენაზე ჩაწერა და Telegram-ზე გამოაქვეყნა. ამას წინ უძღოდა ზაკაევის ვიდეო, სადაც ის თანამემამულეებს მოუწოდებს, რუსეთის მხარეს არ იომონ.
„მას [ზაკაევს] არ შეიძლება კაცი ეწოდოს და არც ქალი. წერს ვიდეოს მოწოდებით, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მივიღოთ, გვთავაზობს გაქცევას, სამშობლოს დატოვებას. ეს ადამიანი ლანძღავს ჩეჩენი ხალხის ღირსებას, ჩეჩენ კაცებს... ახლა სპეცოპერაციის ზონაშია და ვინც პირველი დაიჭერს, უნდა გაანადგუროს. ქვეყანაც რომ დაიქცეს, მას მაინც მივწვდები. მზად ვარ ტრიბუნალის წინაშეც კი წარვსდგე“, - ამბობს კადიროვი.
მან იმ ჩეჩნებსაც მიმართა, ვინც „მეორე მხარეს“ [უკრაინის] აღმოჩნდნენ და ჩეჩნეთში დაბრუნება სურთ: „თუ მას ტყვიით მოკლავთ და სახლში დაბრუნდებით, მე უზრუნველვყოფ თქვენს თავისუფლებას, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებით. ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს ჩეჩნეთში დაბრუნებას ერთი პირობით, ან ზაკაევს შარვალს გახდით ან შუბლში ესვრით“, - ამბობს ჩეჩნურ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში კადიროვი [თარგმანს რუსული მედია ავრცელებს].
გარდა ამისა, რამზან კადიროვი წერს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია და როგორც არ უნდა ინერვიულონ „გაქცეულმა დამნაშავეებმა“, ეს ასე დარჩება: „ჩვენ, ჩეჩნები, რუსეთის თავისუფალი ხალხი ვართ. ჩვენ თავად გადავწყვიტეთ მის შემადგენლობაში ყოფნა. თავად გადავწყვიტეთ მისი დაცვა. მოდით და სცადეთ ამ უფლების წართმევა“.
რამზან კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის რესპუბლიკის მომხრეებს სისხლის აღებით ერთხელ უკვე დაემუქრა.
ახმედ ზაკაევმა უკრაინული მედიისთვის 17 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. მათ შორისაა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის და შეიხ მანსურის სახელობის მოხალისეთა ორი ბატალიონი. ჩეჩნების ერთ-ერთი რაზმი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.
„ჩეჩნურ საზოგადოებაში არის გაგება, რომ რუსეთზე უკრაინის გამარჯვება ჩვენი თავისუფლების შანსია, ჩვენი დამოუკიდებლობის შანსია. ამიტომ, თავისუფალი ჩეჩნები სრულად უჭერენ მხარს და გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას - როგორც მოხალისეები, როგორც საბრძოლო ნაწილები. ვინ არის კადიროვი? კადიროვი კვისლინგია (კოლაბორაციონისტი, ნორვეგიის პრემიერი ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროს), მორალურად მახინჯი ადამიანი, რომელიც დღეს ოკუპანტებისგან სარგებელს იღებს და საკუთარ ხალხს ანადგურებს. დაისჯება თუ არა? რა თქმა უნდა, დაისჯება - ისევე, როგორც ყველა დანარჩენები ჩეჩნეთსა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - ამბობს ზაკაევი.
ახმედ ზაკაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ყოფილი წევრი და რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის ვეტერანია. 2003 წელს დიდმა ბრიტანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.