რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა - შადრევნების სპეციალისტის განმარტება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მოქანდაკე, შადრევნების სპეციალისტი ირაკლი ჟვანია ვაკის პარკის მრგვალ, ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ბავშვის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ სისტემა უხარისხოდ იყო გაკეთებული და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. „ვისი ბრალია, ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც „შეამოწმა“ და აქტიც შეადგინა. შემდეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა, სამივე მხარის ერთობლივი „მოღვაწეობის“ და რასაკვირველია, იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ჰყავს, 21-ე საუკუნეში წყალზე დენის არ გადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ შუა ქალაქში“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის, ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი „მოღვაწეობის“ ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები, ავხსნა.

ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასობრივად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი და სწორადაც. რატომ? იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ, სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით, ბავშვების ყოფნა არ შეიძლება. ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე. მეორე - მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობლისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც.

ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის, ამ ისტორიული მოაჯირისაც. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.

შადრევნის გარშემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დამცავი მოაჯირის მოხსნა და შადრევნის საჭყუმპალაოდ გახსნა, რაც მერიამ გააკეთა. (ჩვენს მიერ ამ შადრევნის მოვლა-პატრონობის პერიოდში, 2014-15 წლებში გამორიცხული იყო ბავშვები ჩაგვეშვა ჩართულ შადრევანში).

შადრევანში ტექნიკური მოწყობილობა სამ ნაწილად იყოფა - ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს, არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები (5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები (ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში, შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში, წყალში.

ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე, ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწიბებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია, ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუ სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი, რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე.

რა მოხდა გუშინ, იმედია, ამას ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო.

გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ „შეამოწმა“, შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს „ეკოსერვისს“, რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა.

საბოლოოდ, მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა. რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო“, - წერს ირაკლი ჟვანია.

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის მრგვალ, ახალრეაბილიტირებულ შადრევანში, სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და წყალში მის გამოსატანად შევიდნენ. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში დაიღუპა, მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმები მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

შადრევანი, რომლის რეაბილიტაციაზეც 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წინა დღეს, 12 ოქტომბერს დაათვალიერეს და საზოგადოებას „ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს“.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.