„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევისას დაზარალებული ბავშვი მოინახულა. 13 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გუშინ, თბილისში, ვაკის პარკის მრგვალ, ახალრეაბილიტირებულ შადრევანში, სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და წყალში მის გამოსატანად შევიდნენ. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში დაიღუპა, მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმები მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
შადრევანი, რომლის რეაბილიტაციაზეც 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წინა დღეს, 12 ოქტომბერს დაათვალიერეს და საზოგადოებას „ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს“.
„შადრევანთან ახლოს ვიყავი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ხალხის ხმა გავიგე, ბავშვებიც ყვიროდნენ, იხრჩობიანო და დახმარებას ითხოვდნენ. ხმაურზე გავიქეცი.
რომ მივედი, წყალში ჩაძირული ბავშვები დავინახე. აუზში სამუშაო ტანსაცმლით შევედი, სამი ბავშვი იყო ჩაძირული. ერთი ახლოს იყო აუზში. რომ მივუახლოვდი, დენი მარტყამდა. მივედი და გამოვიყვანე. აუზიდან არ ამოვსულვარ. ბავშვი იქ შეკრებილებმა გამომართვეს. დავინახე, რომ ორი ბავშვი კიდევ იყო შიგნით ჩაძირული. მეორესთანაც მივედი, დენი ისევ მარტყამდა, მაგრამ მოვახერხე გამოყვანა. ისევ შევბრუნდი, მაგრამ მესამესთან ვეღარ მივედი. დენი იმდენად ძლიერი იყო, მაქცევდა, ვეღარ ვუახლოვდებოდი, ორგანიზმი ვეღარ უძლებდა.
ვიდრე ორი ბავშვი გამოვიყვანე, დაგვიანდა მესამეს გამოყვანა. მერე შადრევანიც გათიშეს. პირველად დახმარებას ხალხი აქვე უწევდა ბავშვებს. მესამეც გამოვიყვანეთ, დენი რომ გათიშეს. ამ სამიდან მხოლოდ ერთი ამოძრავებდა თავს, ორნი არ სუნთქავდნენ, უგონოდ იყვნენ. სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც მალე მოვიდნენ და წაიყვანეს ბავშვები. მერე გავიგე, რომ გოგო დაიღუპა. ძალიან მძიმეა და ვუსამძიმრებ ოჯახს“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა.
ბავშვები თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა თქვა, რომ ისინი გუშინ გაკვეთილზე არ ყოფილან, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა მშობლებს აცნობა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს. აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა. გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა. შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.