თბილისში, ვაკის პარკის მრგვალ, ახალრეაბილიტირებულ შადრევანში, 13 წლის სამ ბავშვს დღეს დენმა დაარტყა. ერთი ბავშვი დაიღუპა, მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა. მესამის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ. შადრევანი ქალაქის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გუშინ,12 ოქტომბერს დაათვალიერეს და საზოგადოებას „ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცეს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
თვითმხილველების ნაამბობით, ბავშვებს შადრევანში ბურთი გადაუვარდათ და წყალში მის ამოსაღებად შევიდნენ.
„რომ ჩამოვედი, უცბად კივილი ატყდა. ეს ბავშვები წყალში ეყარნენ, ამას მივუსწარი. არიქა, უშველეთ, უშველეთო. ერთი კაცი გადახტა მათ ამოსაყვანად. ის რომ არ გადამხტარიყო, მე გადავხტებოდი. ბავშვები რომ ყვიროდნენ, ვერ გავიგე რა მოხდა. ერთი ამოიყვანეს, მერე მეორეც. ის მესამე თუ იყო იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამეც არისო. მესამე ვერ ამოიყვანა ამ კაცმა. რამდენჯერაც შევიდა, დენი არტყამდა. ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს ის მესამე ბავშვი. გოგო უკვე გაშავებული იყო“, - თქვა თვითმხილველმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმ ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტისთვის გოგოს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა - „რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“.
ექიმებმა მეორე დაშავებულის მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, რის შემდეგაც ის „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის რეანიმაციაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელი დავით ცაბაძე ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სულ მცირე 72 საათის განმავლობაში გართულებებია მოსალოდნელი:
„ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. სხვადასხვა მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები და მზად ვართ ამ გართულებებთან ბრძოლისთვის. ბავშვი არის ხელოვნურ სუნთქვაზე. ვერ გეტყვით, რა ხდებოდა მანამდე. მშრალი ინფორმაცია გვაქვს - იყო ელექტროტრავმა, შოკი, მიიყვანეს ხეჩინაშვილში, მოხდა ინტუბაცია, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა და შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან“, - უთხრა ექიმმა ჟურნალისტებს.
ბავშვები თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. „ნიუ ჰოსპიტალსში“ მისულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა თქვა, რომ ისინი დღეს გაკვეთილზე არ ყოფილან, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა მშობლებს აცნობა.
„უდიდესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებთ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს. ყველა სიტყვა უძლურია იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც დატრიალდა. 55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები დილიდან არ გამოცხადდნენ გაკვეთილზე. რეგულაციის დაცვით, კლასის დამრიგებელმა აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ იყვნენ და არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს.
ის ვალდებულება, რომელიც აქვს სკოლას, როდესაც ბავშვი არ ცხადდება საგაკვეთილო პროცესზე, დამრიგებელმა შეასრულა. შეატყობინა მშობლებს მშობლების საერთო ჩატით. მშობლები უკვე ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ ბავშვები არ გამოცხადდნენ საგაკვეთილო პროცესზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„უმძიმესი ფაქტია. თავზარდაცემულები ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოები - ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია. პროექტი დიდი ხანია დასრულებულია. უბრალოდ ჩვენ გუშინ ვიყავით მისულები. უმძიმესი თემაა, თავზარდაცემული ვართ ყველა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ხეჩინაშვილის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის გიგა გიგაშვილის თქმით, ვაკის პარკის მრგვალი შადრევანი, ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო: „შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა“.
ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონი ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 მილიონ ლარს შეადგენს.
კალაძემ დასრულებული სამუშაოები, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ვაკის პარკის აღდგენის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. გვინდა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად მოწესრიგდეს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილიტაციაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ფეისბუკგვერდიდან ვაკის პარკში კალაძის გუშინდელი აქტივობის ამსახველი ფოტომასალა დღეს, შადრევანში ბავშვის დაღუპვის შემდეგ წაშალეს.
„გრინსერვისი“
ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია „გრინსერვის+“ აწარმოებდა. კომპანიის მფლობელები არიან ლაშა ფურცხვანიძე (ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი), კობა ხარშილაძე (გამგებლის ყოფილი მოადგილე) და ტარიელ კიკნაძე. ფურცხვანიძე და ხარშილაძე 2013 წელს დააკავეს.
„გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს „გრინსერვისმა“ ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა.
2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.
ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.
2010 წელს ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „გრინსერვისი+“ დააარსეს. ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. ფურცხვანიძე და ხარშილაძე კომპანიის 33-33 %-ს ფლობენ.
დოკუმენტების მიხედვით, ვაკის პარკის მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებთან შესაბამისობა „მშენექსპერტმა“ შეამოწმა. ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, ნორმები დარღვეული არ არის. კომპანიის წილის 40 %-ის მფლობელი მალხაზ წიქარიშვილია, 30 - 30 %-ს იური მელაშვილი და ნუგზარ ქიტიაშვილი ფლობენ. კომპანიის დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილია. „მშენექსპერტი“ აკრედიტირებულია სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ.