„ოჯახით არ გადავხიზნულვარ, მარტო წამოვედი. ჯერ არ ვასახელებ ქვეყანას, მეგობართან ვარ და არ მინდა, მას რაიმე პრობლემები შევუქმნა. აქაც შეიძლება ძალადობრივი ჯგუფები მომიგზავნონ“, - სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საქართველო 18 მაისს დატოვა. ის ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ნატა ფერაძე ადმინისტრაციული წესით 15-ჯერ დააკავეს, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმისთვის კი დააპატიმრეს კიდეც. საქართველოში ყოფნისას ის და მისი ოჯახი მუდმივად იყო ხელისუფლების მიერ წახალისებული პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე. მას არაერთხელ დაუზიანეს მანქანა, თავს დაესხნენ, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ნატა ფერაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ტალღა“ აქტიურად იყო ჩართული „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში. სწორედ ამის შემდეგ, მასზე მიანიშნეს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ცოტა ხნის წინ, Pos tv-იმ (ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, პროპაგანდისტული, სიძულვილის ენით გამორჩეული არხი. ავტ) დადო „ფილმი“, მათ შორის ჩემზე, სადაც ახალგაზრდული პროტესტს ერთ-ერთ ლიდერად ვარ წარმოჩენილი. ძალიან სერიოზული ბრალდებებით იყო, რომ ვარ ყველაზე დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი. ველოდი ამას. მყავს ორი შვილი, ორივე 20 წელს გადაცილებული. არ მინდოდა ქვეყნიდან წასვლა.
18-ში დამირეკეს პროკურატურიდან, რომ უნდა გამოვცხადებულიყავი საღამოს 6 საათზე. არ დამიზუსტეს, რა სტატუსით უნდა მივსულიყავი. ვუთხარი, ადვოკატს უნდა დავუკავშირდე მეთქი და მერე ვეტყოდი, როდის შევძლებდი მისვლას. როგორი ზარი იყო იცით, მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებას ცვლიდა.
დავურეკე ადვოკატს. პროკურატურასთან კომუნიკაციის შემდეგ მან მითხრა, რომ ადგილზე როცა მივიდოდით, მაშინ გავიგებდით რა მუხლებით იყო საქმე აღძრული. ადვოკატმა რაც მითხრა, შესაძლოა, პროკურატურაში მისვლის შემთხვევაში ქვეყნიდან გაუსვლელობაზე დამეწერა ხელწერილი და ერთ-ერთი ბრალდებულიც ვყოფილიყავი. ასეთ აბსურდულ სისტემაში მე ჩავთვალე, რომ უნდა გავასწრო ამ რეჟიმს, რადგან არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. ცოტა ხნის წინ, 5 დღე ვიყავი პატიმრობაში, ვიჯექი იზოლატორში და ეს იყო ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი და არაადამიანური. ამას მეც ვეღარ გადავიტანდი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ორი მოხუცი ახლობლის და ჩემი ორი შვილის წინაშე... ზედმეტად შეწუხებულები არიან ჩემი აქტივიზმის გამო. თავი ვალდებულად ჩავთვალე წამოვსულიყავი და არ მივიჩნევ ამას დამარცხებად. ციხეში რომ წავსულიყავი, რა ხეირი იქნებოდა ჩემგან, არანაირი. ბრძოლას აქედან უფრო გავაგრძელებ.
- ნატა, რას გედავებათ პროკურატურა? გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში გადანაშაულებენ.
- ეს არის ვარაუდი, ოღონდ გონივრულ მოლოდინებზე დაფუძნებული. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბოლოს აქციებზე ვეღარ დავდიოდი, ყველაფრის ორგანიზებას ვაკეთებდი სახლიდან. რასაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ახსენებდა მოძრაობა „ტალღას“ და იგივე Pos ტვ-ის ვიდეოშიც, ფონად სულ გასდევდა გადატრიალების მზადება. მე ფიზიკურად ვერც მომედავებოდნენ ადგილზე ყოფნას, სულ რამდენჯერმე მივედი და წყნარად ვიყავი. ამიტომაც „ქართული ოცნების“ გზავნილით იყო წამოსული, რომ იქნებოდა ორგანიზატორის ბრალდებით და ესეც ნახსენები სიტყვებია, „სახელმწიფო გადატრიალების მომზადება“.
- თვითონ პროკურატურას არ უხსენებია სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს?
- პროკურატურამ გვითხრა, მობრძანდებით და ადგილზე გაიგებთო.
- რამდენად უსაფრთხოდ არიან თქვენი ოჯახის წევრები აქ?
- ამ დროისთვის არცერთი შვილი არ იმყოფება საქართველოში. ოღონდ, ჩემგან დამოუკიდებლად, ერთმა, ცოტა ხნის წინ საკმაოდ დიდი კონკურსი გაიარა, სტიპენდია მოიპოვა და ევროპის ერთ-ერთ სასწავლებელში სწავლობს. მეორე შვილიც ევროპულ სკოლაში სწავლობდა და აგრძელებს სწავლას. ტელეკომპანია „იმედს“ ჰქონდა გამოქვეყნებული - „ექსკლუზივი, ნატა ფერაძემ შვილები აქციებს ევროპაში გაარიდა“, რაც არასწორია. ორივე იღებს ევროპულ განათლებას. მამინაცვალი და ახლობელი მოხუცი ქალი დარჩნენ საქართველოში, რომელსაც ჩემს მეტი არავინ ჰყავს.
- რას აპირებთ, თავშესაფარს მოითხოვთ იმ ქვეყანაში, სადაც ხართ თუ რა გეგმა გაქვთ?
- ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, გავარკვიო, რა შეიძლება გავაკეთო, რა სტატუსით შეიძლება ვიყო. ამ ეტაპზე აქ 90 დღე მაქვს ლეგალურად დარჩენის უფლება. აქედან ჩემი დისტანციური მუშაობა არ გამოდის, რადგან შეკვეთებზე მებაღედ ვმუშაობდი და ჩემს გუნდთან ერთად ობიექტებზე ფიზიკურად დავდიოდი. დამიკავშირდნენ ისევ რა თქმა უნდა ევროპული და დასავლური არასამთავრობოები, ვისგანაც ველი პასუხს. მე სტატუსი მჭირდება აქ ყოფნისთვის, ვიდრე მანდ არის „ქართული ოცნება“ და შეიძლება ციხეში მოვხვდე, თორემ როგორც კი ეს საფრთხე მოიხსნება, არასდროს არ მინდოდა და ახლაც არ მინდა საზღვარგარეთ ცხოვრება. არაჩვეულებრივ ადგილას ვარ, არაჩვეულებრივ ქვეყანაში, მაგრამ ჩემს სახლში მინდა და მინდოდა ყოველთვის.
- მოძრაობა „ტალღა“, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, გააგრძელებს საქმიანობას, თუ მასაც საფრთხე ემუქრება, მის მუშაობას?
- მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ვიყავით გუნდი, რომელიც ერთად ვაკეთებდით საქმეს, ერთად ვიღებდით ამ გადაწყვეტილებებს. დავწერეთ კიდეც, რომ დროებით შევაჩერეთ მუშაობა, რადგან უსაფრთხო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ. ვინც დარჩნენ თბილისში, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მე უსაფრთხო ადგილას ვარ და თუ მათ რაღაც საფრთხე დაემუქრათ, მათი გადასაწყვეტია. თუმცა, პირიქით, ძალიან დიდი შემართებით არიან, რომ ყველაფერს აგრძელებენ. მე ონლაინ აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას რეჟიმთან, მძიმე რეჟიმთან.
- რამდენად არის თქვენი ეს გადაწყვეტილება იმ ქმედებების შედეგიც, რომლებსაც თქვენს წინააღმდეგ მანამდე ჰქონდა ადგილი. ვგულისხმობ სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის გამო თქვენს დაპატიმრებას, პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების არაერთხელ მოვარდნას თქვენს სახლთან, მუქარებს, ქონების დაზიანებას, მანამდე არაერთხელ დაკავებას. სულ რამდენჯერ ხართ დაკავებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში?
- მინიმუმ 15-ჯერ მაინც ვარ დაკავებული ალბათ, 2012 წლის შემდეგ. უმეტესად ხელწერილით მიშვებდნენ. დისკრიმინაციულად, ბიჭებს ტოვებდნენ და ქალებს გვიშვებდნენ. პრინციპში, მე არასამთავრობო ორგანიზაციაც არ ვარ. ჩვენი მოძრაობები, „პარტიზანული მებაღეობაც“ და „ტალღაც“ არ არის რეგისტრირებული. არც დაფინანსება გვაქვს, ზოგჯერ ანგარიშის ნომრებს ვაქვეყნებდით, ხარჯებისთვის რამე რომ გვქონოდა. არცერთხელ, ერთი თეთრიც კი, ხელფასი არავის აუღია.
იდეურად მოტივირებული მოძრაობები ერთ-ერთი ყველაზე საშიშია „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომაც არის ასეთი ბრძოლა.
ორი წლის წინ მანქანა რომ შემიღებეს და ვუჩივლე, პოლიცია მოვიდა, ტერიტორია ლენტით შემოფარგლეს, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემიდან ჩანაწერები ამოიღეს, ისინი გაასამართლეს, დააჯარიმეს. ახლა, რაც რუსულ კანონს დავუპირისპირდით, ისე ჩაიარა მთელი ჩემი სახლის აჭრელებამ, მანქანის შეღებვამ და უზარმაზარმა ზარალმა, რომ პოლიციამ ვიდეოჩანაწერებიც კი არ ამოიღო, როცა მე თვითონ მაქვს გადაღებული და მშვენივრად ჩანს სახეები, ვინ იყვნენ. ანუ კანონმა მითხრა, რაც გინდა, ის ქენიო.
პირველ რიგში მინდა, არავინ აღიქვას ეს გაქცევად. ეს არის გარიდება. ბრძოლა გრძელდება. ცოტა მძიმე ეტაპი მაქვს ცხოვრებაში. მივატოვე არამხოლოდ მოხუცები და შვილები, ქვეყანა, მცენარეები, ცხოველები. ამ ასაკში ყველაფრის ნულიდან დაწყება რთულია, მაგრამ აუცილებლად დავიწყებ და შეიძლება უკეთესადაც გავაკეთო უსაფრთხო ქვეყნიდან“.