„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ფაქტობრივად სანქცირებულია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ურაინაში ომი დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით.
რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო.
დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო“,- უთხრა ივანიშვილმა მედიას „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ.
30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ბრუნდება. პარტიის ყრილობაზე მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იქნება. ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად დაასახელა, რომ დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას და მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. მისივე თქმით, როცა ოპოზიცია სრულად განადგურებულია, მმართველ გუნდში რისკები იზრდება, მათ შორის, კორუფციის და ის სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს.
კითხვაზე, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სანქციების შიში ხომ არ გახდა, ივანიშვილმა უპასუხა: „არ მაქვს მაგის შიში იმიტომ, რომ სანქცირებული ვარ დიდი ხანია და ღია კარებს რატომ ამტვრევთ? დადგება დრო და მეც საჯაროდ გამოვალ და უფრო მეტს ვეტყვი საზოგადოებას. დღეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ამაზე მეტის თქმას საჭიროდ არ ვთვლი“.
ივანიშვილმა განმარტა, რომ არ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება.
