თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. 9 იანვარს ხატს საღებავი იმიტომ შეასხეს, რომ მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამების ტაძარში მომხდარი ფაქტი კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისათვის პროპორციულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
ამასთან, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. მაგალითად, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.
ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს, მაგალითად, მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს. შედეგად, ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, - თქვა ოხანაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრობიდან“ პარლამენტის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს ეს თემა წინასაარჩევნოდ კამპანიისთვის გამოიყენოს, მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს და ძალადობა წაახალისოს.
სამების საკათედრო ტაძარში საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის გამოსახულებით ხატის არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა. მოგვიანებით ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული ხატი უკვე თვეებია სამების საკათედრო ტაძარშია.
პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარს მან და დავით თარხან-მოურავმა შესწირეს.
ინაშვილის თქმით, ხატზე გამოსახული სტალინი უარყოფითი პერსონაჟია: „სტალინი გამოსახულია ზურგით ეკლესიისკენ, ამპარტავანი სახით, მაგრამ წმინდანთან მისული, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ნებისმიერ უღმერთო ხელისუფლებაზე მაღლა დგას და ნებისმიერ მმართველს მოსდრეკს“.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მატრონა მოსკოველის ხატი გაწმინდეს და სამების ტაძარში უფრო თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
ნატა ფერაძეს ჯერ სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ, 10 იანვარს კი პრორუსული, ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მივარდნენ. ისინი ნატა ფერაძეს ხატის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ და მის „უმკაცრესად დასჯას“ ითხოვდნენ. აქტივისტის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
10 იანვარს, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც მიმართავს მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს და მოუწოდებს მათ, შეცვალონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. საპატრიარქოს ცნობით, თუ შემწირველი ამ ფრაგმენტს არ შეცვლის, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.
საპატრიარქოს განცხადებას ირმა ინაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ სთხოვენ ხატმწერს აღმიშნული ფრაგმენტი შეცვალოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ“.