რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აპირებენ, სასამართლოს მიმართონ და მთავრობის ის განკარგულება გაასაჩივრონ, რომლის საფუძველზეც საავადმყოფოს დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენება იგეგმება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამასთან, ექიმები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებასაც ითხოვენ. მათი განცხადებით, რეორგანიზაციის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია.

„სარჩელი შეეხება 630 ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევას. ვიდრე არ შეწყდება ულტიმატუმი, რომ 5 თებერვლამდე ჩვენი ნებით დავტოვოთ რესპუბლიკური საავადმყოფო, შევწყვიტოთ ხელშეკრულება, მანამდე შემოთავაზებებს არ განვიხილავთ“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა.

ექიმები უარს ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის აღებასა და სამუშაოდ სხვა, მათ შორის, რეგიონებში მდებარე კლინიკებში გადასვლაზე.

„შემოთავაზებული კომპენსაციები, რომელსაც ხელისუფლებამ „უპრეცედენტო“ უწოდა, მართლაც უპრეცედენტოა, მაგრამ არა დადებით ჭრილში. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპენსაციის მიმღებმა უნდა გამოიჩინოს ლოიალობა, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კომპენსაციას. გამოქვეყნებულ პირობებს აკლია ბოლო პუნქტი, რომელიც ბრძანებაშია ჩაწერილი - თუ ამაში მონაწილეობის სურვლის არ გამოთქვამ, მაინც გათავისუფლებული იქნები და მიიღებ ერთთვიან კომპენსაციას. რაც შეეხება რეგიონებში განაწილებას, ეს არ ნიშნავს თანაბარზომიერი სამსახურით უზრუნველყოფას. ამას არც განვიხილავთ, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენარჩუნებაა“, - ამბობს ქირურგი მალხაზ გოგუა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევაზე საუბარი ერთი წლის წინ დაიწყო, 2024 წლის 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის და მის ადგილას ახალი, მრავალპროფილური, 500-საწოლიანი კლინიკის აშენების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ხუთ საექსპერტო დასკვნაზე, რომელთა მიხედვითაც, „იმისათვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია“.

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას შემდეგ კლინიკებში სთავაზობს: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, საჩხერის რაიონული საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, იმედის კლინიკა, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

რაც შეეხება კომპენსაციებს, სამინისტრო "რესპუბლიკურის" მოქმედ თანამშრომლებს სთავაზობს შემდეგს:

  • თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები შიშობენ, რომ, შესაძლოა, საავადმყოფოს 8 ჰექტრამდე ტერიტორიის მიმართ კერძო ინტერესი არსებობდეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, შენობის რეაბილიტაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და მის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება თავადაც მიეცეთ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.