პრეზიდენტი ახალ არჩევნებზე: რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას კვლავ სთავაზობს დიალოგს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, არსებობს მეორე ვარიანტიც - არჩევნებამდე მისვლა „რეჟიმის ჩამოშლით“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ცალკეულ წარმომადგენლებთან, რაც ცხადია, არაა აკრძალული და შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და მათთან, ვინც იყო არჩევნების მონაწილე, ვინც აკვირდებოდა მას და ზუსტად იცის, რა პირობები იყო და როგორ დაირღვა არჩევნები. იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს, მეორე მხარეს ივანიშვილი და არ ვიცი, მის მიერ დანიშნული პარტიის რამდენი წარმომადგენელი ისურვებს მოსვლას... პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მაშინ მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დიალოგისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება, რადგან „ეს კრიზისი აღარ ითმენს“.

„ამ კვირაში, 29-მდე, მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში, შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი. [...] 

თუ არა, მეორე ვარიანტი და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნებამდე მივალთ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის.

უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად, საზოგადოების ახალი სეგმენტები, სხვადასხვა დარგის ახალი ჩინოსნები, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს. არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან, მაგრამ დანარჩენი, ქართული ბიზნესის დიდი ჯარი, რომელსაც არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირები რუსეთთან, ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს საითკენ მიდის ქვეყანა და საითკენ მიდის ჩვენი ფინანსური სტაბილურობა, იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებულია და  როცა ეროვნული ბანკი არ იშლის და განაგრძობს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.

რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი არ იქნება ისე, როგორც „ოცნება“ თვლის. საჭიროა დათმობა, საჭიროა რაღაცების აღიარება, მაგრამ შეიძლება კომპრომისი. თუ არა და, ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავის ხელი არ არის - არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავისი ხელი არ ურევია. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში რადგან დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ როგორ უნდა მოეპყროთ ამ ქვეყანას და როგორ უნდა შეინარჩუნოთ თქვენს მიმართ ნდობა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

როგორც მან განაცხადა, თუ მალე არ მიიღებს პასუხს შეთავაზებაზე, მეორე ეტაპი დაიწყება და ამისთვის „ყველანი მზად უნდა ვიყოთ“.  სალომე ზურაბიშვილმა საბჭოს შექმნაც დაანონსა, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

„ხვალ, ალბათ, მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც ძალიან სწრაფად არჩევნების ჩასატარებლად მინიმალური პირობებია, შემდეგ იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით და ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, მოვამზადოთ და ჩვენ თვითონაც ვიყოთ მზად. რადგან ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები. ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც, რომელიც მას დაპატიმრებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ახალ არჩევნებს დანიშნავს, ან 29 დეკემბრის შემდეგ ორბელიანების სასახლეს არ დატოვებს.

„ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ. [...] ძალიან მადლიერი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან - „აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს“, მაგრამ დასაცავიც არ ვარ. არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ. პრეზიდენტი, თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი ყველა თქვენგანის მსახური“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.